ეკონომიკა

შეღავათები კეთილსინდისიერი გადამხდელებისათვის

23 დეკემბერი, 2010 • • 1115
შეღავათები კეთილსინდისიერი გადამხდელებისათვის

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, 23 დეკემბერს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და კომერციულ ბანკებს შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას საბანკო კრედიტებზე ხელმისაწვდომობისა და კეთილსინდისიერი გადამხდელების წახალისების გზით ქვეყნის ეკონომიკის განვითარებასა და საკრედიტო აქტივობის ზრდის ხელშეწყობის თაობაზე.  

შეთანხმების თანახმად, ფინანსთა სამინისტრო რეგულარულად მიაწვდის კომერციულ ბანკებს სრულყოფილ საგადასახადო ისტორიას კეთილსინდისიერი გადამხდელების მიერ შესრულებული ვალდებულებების შესახებ.

თავის მხრივ, კომერციული ბანკები ასეთ მეწარმეებს გამარტივებულ და შეღავათიან საბანკო მომსახურებას მიაწვდიან და უზრუნველყოფენ მათი ბიზნეს-იდეების დაფინანსებას.

„გადამხდელებისთვის, რომლებსაც საგადამხდელო ისტორია სუფთა აქვთ, ბანკებს გარკვეულწილად უფრო მარტივი და იოლი მიდგომა ექნებათ, როდესაც საუბარია პროექტების დაფინანსებაზე. როდესაც ბანკი მსჯელობს ამა თუ იმ პროექტის დაკრედიტებაზე, იქ ერთ-ერთი წილი სწორედ საგადასახადო რისკს უკავია – შესაძლებელია თუ არა კომპანიას წარმოეშვას საგადასახადო დავა. ვინაიდან ჩვენი მხრიდან გაცემული იქნება პატიოსანი გადამხდელის ისტორია, ეს ნიშნავს, რომ გადამხდელს არ ჰქონია დარღვევა და მას შემოსავლების სამსახური ენდობა, შესაბამისად, ბანკებსაც უჩნდებათ ნდობა ასეთი კომპანიის მიმართ და უფრო ადვილად მიდიან თანამშრომლობაზე,“ – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა.  

„საქართველოს ეკონომიკის მნიშვნელოვანი წილი საბანკო სექტორზე მოდის. მიმდინარე წლის 11 თვეში საბანკო სექტორის აქტივებმა რეკორდულ მაჩვენებელს  – 10 მლრდ ლარს მიაღწია. მნიშვნელოვანია, რომ ფულის ეს მასა ისევ ქართულ ეკონომიკას დაუბრუნდეს სოფლის მეურნეობის, ტურიზმის თუ სხვა პრიორიტეტული დარგების დაკრედიტების გზით,“ – განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი