თბილისის შემოვლითი გზის პროექტის ფარგლებში ფრანგული კომპანია “Apur” დედაქალაქში გამოთავისუფლებულ ტერიტორიაზე ახალი სარეკრეაციო ზონის მოწყობაზე იმუშავებს. პროექტის განხორციელების შედეგად თბილისის გეოგრაფიულ ცენტრში, ლიანდაგებისა და სარკინიგზო ინფრასტრუქტურისაგან გათავისუფლების შემდეგ, 100 ჰექტარი მიწა გამოთავისუფლდება. აღნიშნულ ტერიტორიაზე საცხოვრებელი კომპლექსები, საოფისე ფართები აშენდება, აგრეთვე, მოეწყობა სკვერები და გასართობი ობიექტები. გარდა ამისა, 3 წლის ვადაში მოხდება დიდუბისა და ნავთლუღის სადგურების სრული რეაბილიტაცია და დამატებით 2 ახალი სადგურიც აშენდება.
ფრანგულმა კომპანიამ “Apur”-მა საქართველოს რკინიგზის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა, ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტის შესახებ ხელშეკრულება კი პარიზში 18 დეკემბერს გაფორმდა, რომელსაც საფრანგეთის მხრიდან კომპანიებმა “Apur”-მა და “Systra”-მ, საქართველოს მხრიდან კი საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა და თბილისის მერმა მოაწერეს ხელი.
აღნიშნული ვიზიტის კიდევ ერთი სიახლე ფრანგულ კომპანია “Systra”-სთან გაფორმებული მემორანდუმია ქალაქში ტრამვაის შემოყვანის შესახებ. მემორანდუმს ხელი ქალაქის მერმა, გიგი უგულავამ მოაწერა. ფრანგული კომპანია ტრამვაის მარშრუტის დაგეგმარებაზე იმუშავებს და შესაბამის პროექტს თბილისის მერიას წარუდგენს. კომპანია “Systra”-ს წარმომადგენლის განცხადებით, თბილისში ტრამვაის დაბრუნებას საფრანგეთის მთავრობა დააფინანსებს.