საახალწლოდ დაგეგმილ ღონისძიებებზე დასახარჯი თანხის ოდენობა მაქსიმალურად შემცირებულია. ამის შესახებ დღეს საკრებულოს უმრავლესობის წევრმა, კოკი იონათამიშვილმა ისაუბრა.
“დედაქალაქში ახალ წელს არაერთი საინტერესო ღონისძიების ჩატარებას მაქსიმალურად შემცირებული დანახარჯით ვგეგმავთ. ბიუჯეტი, მართალია, შეიკვეცა და პრიორიტეტად სხვადასხვა მნიშვნელოვანი სოციალური პროგრამა განისაზღვრა, მაგრამ თბილისს ახალი წელი აუცილებლად უნდა ჰქონდეს. საზოგადოებას განწყობა სჭირდება”,- განაცხადა კოკი იონათამიშვილმა.
მისივე თქმით, ილუმინაციები, საახალწლო სოფლები, ყინულის მოედნები გაცილებით ადრეა შეძენილი და წელს მხოლოდ პატარა ფრაგმენტების განახლება მოხდა. ამან კი, შესაბამისად, ბიუჯეტის შემცირება გამოიწვია. კოკი იონათამიშვილის განმარტებით, თბილისში 7 იანვრის ჩათვლით ბევრი საინტერესო ღონისძიებაა დაგეგმილი, აღნიშნული ღონისძიებების ბიუჯეტი ჯერ ბოლომდე ჩამოყალიბებული არ არის და დასრულებული სახის მიღებისთანავე იგი ყველასათვის გამჭვირვალე იქნება.