ეკონომიკა

2011 წლის შემოსულობების პროგნოზი

23 დეკემბერი, 2010 • • 1057
2011 წლის შემოსულობების პროგნოზი

საქართველოს მთავრობის მონაცემებით, საშუალოვადიან პერიოდში საბიუჯეტო შემოსულობების პროგნოზული გათვლების გაკეთებისას გათვალისწინებულ იქნა ფისკალურ სფეროში მომხდარი ცვლილებები და მის მიერ გამოწვეული შესაძლო შედეგები. პროგნოზული გათვლებით, 2011-2014 წლებში ზრდის ტენდენცია ექნება ნაერთ ბიუჯეტში მობილიზებული თანხების მოცულობას. 2011 წლისთვის ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებლების მშპ-თან ფარდობის მაჩვენებელი 27.8 პროცენტს მიაღწევს, ხოლო გადასახადების წილი მთლიანი შიდა პროდუქტის მიმართ 24.4 პროცენტს გაუტოლდება.

2011 წელს მშპ-სთან გადასახადების საპროგნოზო მაჩვენებლების ზრდა გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ გადასახადების პროგნოზირებისას გათვალისწინებულ იქნა საგადასახადო კოდექსის ახალი რედაქცია. კერძოდ, არ შეიცვლება საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი. გათვალისწინებულია, აგრეთვე, კავშირგაბმულობის დარგში აქციზის გადასახადის შემოღება, ზოგიერთ სახეობის აქციზურ საქონელზე (ლუდი, არაყი და სხვა სპირტიანი სასმელები) აქციზის განაკვეთის გაზრდა და ადმინისტრირების დონის გაუმჯობესება.

2011 წელს ნაერთი ბიუჯეტის სხვა შემოსავლების წილი მთლიანი შიდა პროდუქტის მიმართ, სავარაუდოდ, 1.9 პროცენტს გაუტოლდება. ხოლო 2011 წელს ნაერთი ბიუჯეტის არაფინანსური და ფინანსური აქტივების რეალიზაციიდან მისაღები თანხების მოცულობა მშპ-თან მიმართებაში შესაბამისად 0.9 და 0.2 პროცენტამდეა ნავარაუდევი.

მასალების გადაბეჭდვის წესი