საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ქვეყანაში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი, საქმიანობის სახეების მიხედვით, 2010 წლის III კვარტალში, 609,5 ლარს შეადგენს, რაც 7,2%-ით, ანუ 40.8 ლარით მეტია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე, ხოლო 1,8%-ით, ანუ 10.6 ლარით მეტია წინა კვარტლის მაჩვენებელთან შედარებით.
2010 წლის III კვარტალში, დაქირავებით დასაქმებულ მამაკაცთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი, საქმიანობის სახეების მიხედვით, 763,3 ლარს შეადგენს (6%-ით მეტი გასული წლის ანალოგიური პერიოდის, ხოლო 1,5%-ით მეტი გასული კვარტლის მაჩვენებელთან შედარებით), ხოლო ქალთა – 433,8 ლარს (შესაბამისად, 9%-ით და 0,8%-ით მეტი).
უფრო დაწვრილებით რომ განვიხილოთ, 2010 წლის III კვარტალში ყველაზე მეტი ხელფასი საფინანსო საქმიანობაზე მოდის, ამ სფეროში დაქირავებით დასაქმებული მუშაკის საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 1279.1 ლარს შეადგენს, შემდეგ მოდის სახელმწიფო მმართველობა 939 ლარით, მშენებლობა 823.3 ლარით, ელექტროენერგიის, აირის და წყლის წარმოება-განაწილება 821.8 ლარით. ყველაზე მცირე საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი-297.5 ლარი განათლების სფეროში დაქირავებით დასაქმებულ მუშაკს აქვს; აღნიშნული მონაცემი მნიშვნელოვნად არ შეცვლილა წინა კვარტლებთან შედარებით. შემდგომ მოდის სოფლის მეურნეობის, ნადირობისა და სატყეო მეურნეობის სფეროში დაქირავებით დასაქმებული მუშაკი 336.9 ლარით.
რაც შეეხება ცვლილებებს წინა კვარტალთან შედარებით, თევზჭერისა და მეთევზეობის სფეროში დაქირავებით დასაქმებულ მუშაკს ხელფასი III კვარტალში II კვარტალთან შედარებით 84.5 ლარით გაეზარდა, მშენებლობის სფეროში დასაქმებულ მუშაკს კი 51 ლარით. საფინანსო საქმიანობაში დაქირავებით დასაქმებულ მუშაკს ხელფასი, წინა კვარტალთან შედარებით, 99.6 ლარით შეუმცირდა.
წინა წლების კვარტლების მაჩვენებლებსაც რომ გადავხედოთ, დაქირავებით დასაქმებულთა ყველაზე მცირე საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 2007 წლის I კვარტალში დაფიქსირდა-320.8 ლარი, ხოლო ყველაზე დიდი 2009 წლის IV კვარტალში-629.8 ლარი.