ეკონომიკა

რას ველოდებით ეროვნული ბანკისაგან 2011 წელს?

22 დეკემბერი, 2010 •
რას ველოდებით ეროვნული ბანკისაგან 2011 წელს?

საქართველოს ეროვნული ბანკი მისი საქმიანობის უმთავრესი მიზნის – ფასების სტაბილურობის მისაღწევად და ეფექტიანი მონეტარული პოლიტიკის– ჩამოსაყალიბებლად ხელმძღვანელობს მის მიერ შემუშავებული, ინფლაციის საპროგნოზო და საქართველოს ეკონომიკის ზოგადი მაკროეკონომიკური მოდელით.

საქართველოს ეროვნული ბანკის სტრატეგია 2010–2012 წლებისათვის განსაზღვრულია საქართველოს პარლამენტის დადგენილებით „2010–2012 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ“, კერძოდ:

–ფასების საერთო დონის სტაბილურობისა და ეროვნული ვალუტის მსყიდველობითი უნარის შენარჩუნების მიზნით, საქართველოს 2010-2012 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს საფუძვლად უდევს საშუალო წლიური ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი, 6 პროცენტის ოდენობით. ამასთანავე, ფასებზე მიწოდების, ეგზოგენური ფაქტორების ზემოქმედების გათვალისწინებით, რომელიც სცილდება საქართველოს ეროვნული ბანკის კომპეტენციის ფარგლებს, შესაძლებელია ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებლიდან გადახრა;

–2010-2012 წლების განმავლობაში საქართველოს ეროვნული ბანკი, ძირითადად, გამოიყენებს მონეტარული პოლიტიკის შემდეგ ინსტრუმენტებს, ესენია: რეფინანსირების სესხები (ლიკვიდობის მიწოდება), სადეპოზიტო სერტიფიკატების აუქციონები (ლიკვიდობის ამოღება), მთავრობის ფასიანი ქაღალდებით ოპერაციები, სავალუტო სვოპ ოპერაციები, სავალუტო ინტერვენციები, მუდმივმოქმედი ინსტრუმენტები (ერთდღიანი სესხები და დეპოზიტები), მინიმალური სარეზერვო მოთხოვნები და სხვა ინსტრუმენტები;

– 2010-2012 წლების განმავლობაში სამომხმარებლო ფასების მოსალოდნელ დინამიკაზე მოქმედი რისკები ძირითადად წარმოადგენს მსოფლიო ფასების ცვლილება ნავთობსა და საკვებზე, გეოპოლიტიკური რისკების ცვლილება, რეგულირებადი ფასების ცვლილება, ინფლაციის იმპორტი ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნებიდან და სხვა. ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკა არ მოახდენს რეაგირებას გარეგანი ფაქტორების შედეგად ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლიდან დროებით გადახრისას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გადახრა იმდენად ძლიერია, რომ გავლენას ახდენს ინფლაციაზე მოქმედ ფუნდამენტურ ფაქტორებზე (ინფლაციის მოლოდინი, მშპ–ს პოტენციური დონიდან გადახრა).

– საქართველოს ეროვნული ბანკის კიდევ ერთ მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენს ქვეყანაში ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა უნდა უზრუნველყოს საფინანსო სისტემის სტაბილურობა და გამჭვირვალობა და ხელი უნდა შეუწყოს ქვეყანაში მდგრად ეკონომიკურ ზრდას, თუ ეს შესაძლებელია ისე, რომ საფრთხე არ შეექმნას მისი ძირითადი ამოცანის – ფასების სტაბილურობის – შესრულებას. ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფა გულისხმობს მთლიანად საფინანსო სისტემის წინაშე არსებული და მოსალოდნელი რისკების განსაზღვრას და მათ შემცირებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი