საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 2011 წლიდან იმ გადამხდელების მიმართ, რომლებიც იყენებენ სალარო აპარატებს, შესაძლებელია ამოქმედდეს პრინციპი “გაფრთხილება დაჯარიმების ნაცვლად”, ანუ შემოსავლების სამსახურის მიერ განხორციელებული საკონტროლო შესყიდვის დროს სალარო აპარატის გამოუყენებლობის შემთხვევაში, ფულადი ჯარიმის ნაცვლად, გადამხდელის მიმართ შესაძლებელია გამოიყენონ გაფრთხილება. თუმცა, ფრაზა “შესაძლოა გამოყენებული იქნას” განმარტებული არ არის. ასევე ამოქმედდება პრინციპი – GOOD FAITH – „პატიოსნება“ – რაც იმას ნიშნავს, რომ თუ გადასახადის გადამხდელის ქმედება გამოწვეულია შეცდომით/არცოდნით და მიზნად არ ისახავდა გადასახადების გადახდისაგან თავის არიდებას, გადამხდელი შესაძლებელია გათავისუფლდეს სანქციისაგან.
ამასთან, როგორც შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი ცხაკაია აცხადებს, GPRS სისტემით აღჭურვილი ახალი სალარო აპარატების შეძენა და გადამხდელისათვის გადაცემა მნიშვნელოვნად შეამცირებს შემოწმებების აუცილებლობას.
საქართველოს პრეზიდენტმა გაფრთხილების მექანიზმის შემოღების შესახებ 2010 წლის 3 დეკემბერს სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა. პრეზიდენტის თქმით, გადამხდელებთან მიმართებაში აუცილებელია დარღვევის პატიებისა და წინასწარი გაფრთხილების მექანიზმის შემოღება.