თითოეული ჩვენგანი ყოველდღიურად ვხედავთ ხალხმრავალ ადგილებში გაკრულ ვაკანსიებს, რომლებიც დიდ პერსპექტივასა და „თანამდებობრივ“ წინსვლას ჰპირდება დაინტერესებულ ადამიანებს. უნდობლობის მიუხედავად, სასურველი სამსახურის საპოვნელად, ერთხელ მაინც, ყველას დაურეკავს ამ კომპანიებში.

აღნიშნული დასაქმებები ქსელური, ანუ მრავალდონიანი მარკეტინგის შემადგენელი ნაწილია, რომელიც, თავის მხრივ, ტრადიციული მარკეტინგისგან მკვეთრად განსხვავდება. ქსელურ მარკეტინგში დასაქმებული გაყიდვების აგენტები თვითდასაქმებული დილერები არიან, რომლებსაც ფიქსირებული ხელფასი არ აქვთ, ანუ  კონკრეტული კომპანიის პროდუქციის გასაღების ნაცვლად მომუშავე პერსონალი  „მზარდ“ შემოსავალს იღებს. ეს შეიძლება აღნიშნული სფეროს ნაკლად ჩავთვალოთ, რადგან, რაც დრო გადის, ამ სისტემაში დასაქმებული ადამიანები ნაკლებ ანაზღაურებას იღებენ, ვინაიდან მათ უკვე ჰყავთ ზემდგომები, თანაც რამოდენიმე, ვისაც გაყიდული პროდუქტიდან პროცენტს უხდიან. გარდა ამისა, რაც უფრო მრავალდონიანი ხდება სტრუქტურა, მით უფრო ნაკლები ანაზღაურება რჩება მას, ვინც ამ სტრუქტურის უკანასკნელ რგოლშია.

დღეისათვის საქართველოში რამოდენიმე კომპანიაა, რომელთა მუშაობა მრავალდონიან მარკეტინგს მიეკუთვნება. მაგალითად, MLM technology, BBS holding, Winalite და სხვა პატარ-პატარა კომპანიები. მათში მოხვედრა და მუშაობა, ერთი შეხედვით, მარტივია, ვინაიდან არაა საჭირო, იყო კვალიფიციური და გრაფიკიც მოქნილია. მთავარია იყო ენერგიული, კომუნიკაბელური და  18- 35 წლამდე.

სამსახურში მიღება რამდენიმე ეტაპს მოიცავს:  გასაუბრება, ტრენინგი, რომლის ფასიც 20-30 ლარის ფარგლებში მერყეობს, შემდგომ სამსახურის დასაწყებად საჭიროა  600 ლარის საქონელი გაასაღო, მნიშვნელობა არ აქვს, ნათესავებს მიჰყიდი, თუ  შენთვის დაიტოვებ. მთავარია, კომპანიას შედეგი ანახო. ამის შემდეგ აფორმებ ხელშეკრულებას და ხდები თანამშრომელი, თუმცა ორი თვის შემდეგ დასაქმებულთა უმეტესობა გამორბის, ვინაიდან ვერ ახერხებს პროდუქტის რეალიზებას, მისი სიძვირის გამო. რეალურად პროდუქციის ფასი საბაზრო ფასისგან მკვეთრად განსხვავდება. მაგალითად, BBS holding-ის კატალოგის მიხედვით, უთო (Palson SmooTh) 76 ლარი ღირს, ხოლო მისი საბაზრო ღირებულება 28-30 ლარია, მიქსერი (NikaiNH-486 SB) 88 ლარი ღირს, ხოლო საბაზრო ფასი 25-დან 30 ლარამდე მერყეობს, ელექტრო ჩაიდანი (LIfe Smyle), BBS-ის კატალოგის მიხედვით, 38 ლარი ღირს, ხოლო მისი საბაზრო ღირებულება 16-20 ლარია, ბლენდერის (NIkai Havana) ფასი, კატალოგის მიხედვით, 136 ლარია, ხოლო საბაზრო ფასი 50-დან 65 ლარამდე მერყეობს, ტოსტერი (Nikai Japan)-52 ლარი, ხოლო მისი საბაზრო ფასი 20-დან 25 ლარადეა.

ნეტგაზეთი დაინტერესდა, თუ როგორ ხდება აღნიშნულ კომპანიებში ახალი კადრების მიღება და ამის გასარკვევად სხვადასხვა კომპანიაში დავრეკეთ, რომლებსაც გაყიდვების აგენტის თანამდებობაზე ვაკანსიები ჰქონდათ გამოცხადებული. სამწუხაროდ, ინფორმაცია არ მოგვაწოდეს “კონფიდენციალურობის” გამო; MLM technology-ს თანამშრომელმა კი განგვიცხადა, რომ ჟურნალისტებისთვის უბრალოდ დრო არ აქვთ.

როგორც ნეტგაზეთთან  საუბარში winalite-ის თანამშრომელმა აღნიშნა, კომპანიაში მუშაობის დაწყება ნებისმიერ მსურველს შეუძლია, უმეტეს შემთხვევაში ტრენინგი უფასოა, გასაუბრება და ტესტირება კი საერთოდ არ ტარდება, თუმცა რეალობა სხვაგვარად გამოიყურება – გასაუბრებაზე მისულ ნეტგაზეთის თანამშრომელს ზოგადი უნარების  მათემატიკური ნაწილის ტესტი დააწერინეს და კომპანიის კადრების მენეჯერმა გასაუბრებაზე განუცხადა, რომ დადებითი პასუხის შემთხვევაში ფასიანი ტრენინგის გავლა მოუწევდა.

და მაინც, საინტერესოა, მიმართავს თუ არა ხალხი აღნიშნულ ვაკანსიებს, სწორედ ამიტომ  19-25 წლამდე სტუდენტებში გამოკითხვა ჩავატარეთ (ვინაიდან ეს თემა უფრო აქტუალური სტუდენტებშია). ჩვენ მიერ გამოკითხული 200 ადამიანის აზრით, ქსელურმა მარკეტინგმა დღეს საქართველოში პოპულარობა დაკარგა, 77%-ს არ სჯერა მრავალდონიან მარკეტინგში დასაქმების, 5%-ს არ სმენია მსგავსი დასაქმების შესახებ, ხოლო 18%-ს ჯერ კიდევ სჯერა, რომ ქსელური მარკეტინგი უმოკლესი გზაა გამდიდრებისკენ.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *