არსებობს ნათელი დადასტურება იმისა, რომ საერთაშორისო სანქციები, რომლებსაც მსოფლიო ირანს უწესებს, ქვეყნის ეკონომიკაზე უარყოფითად მოქმედებს და მოსახლეობას არასახარბიელო საცხოვრებელ პირობებს უქმნის. მას შემდეგ, რაც საწვავის ფასი 400 %-ით გაიზარდა, ირანის მთავრობამ საკვებ პროდუქტებზე სუბსიდირების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, რამაც პურის ფასის გამორმაგება გამოიწვია, იტყობინება “BBC News”.
მსოფლიო მკაფიოდ გამოხატავს საკუთარ უარყოფით პოზიციას ირანში ურანის გამდიდრების თაობაზე. საერთაშორისო ორგანიზაციებისა თუ მსოფლიო ლიდერების კრიტიკის მიუხედავად, ირანში კვლავ ხდება ურანის გამდიდრება, რითაც შემდგომ ატომური იარაღი მზადდება. თუმცა, როგორც ირანში აცხადებენ, ურანის გამდიდრების მთავარი მოტივი ატომური ენერგიის მშვიდობიანი გზებით გამოყენებაა. თავის მხრივ, საერთაშორისო თანამეგობრობები არ აპირებენ სანქციების შეწყვეტას მანამ, სანამ ირანს ურანის გამდიდრებაზე უარის თქმას არ აიძულებენ.