ეკონომიკა

2011 წელს საქართველოში დამატებით ორი გეზი გაიხსნება

21 დეკემბერი, 2010 •
2011 წელს საქართველოში დამატებით ორი გეზი გაიხსნება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, გარდა თბილისის გაფორმების ეკონომიკური ზონისა (გეზი), საქართველოში 2011 წელს დამატებით კიდევ ორი გეზი გაიხსნება. კერძოდ,  ადლიის გაფორმების ეკონომიკური ზონა გაიხსნება 2011 წლის 15 იანვარს, ხოლო ფოთის გაფორმების ეკონომიკური ზონა – 2011 წლის  25 იანვარს. ასევე სრულდება გამშვები პუნქტების რეაბილიტაცია და სარფის ახალი გამშვები პუნქტი 2011 წლის 26 მაისს გაიხსნება. შეგახსენებთ, რომ  გეზი – ეს არის საქართველოში უპრეცედენტო სიდიდის, რამდენიმე ჰექტარზე გაშენებული გაფორმების ცენტრი და სპეციალურად დაგეგმარებული ავტოსადგომი, რომელიც ასეულობით სატვირთო ავტომანქანაზეა გათვლილი. გეზის გამოყენებით შესაძლებელია ერთდროულიად შეუზღუდავი რაოდენობის იმპორტიორის მომსახურება კვირაში შვიდი დღე, 24 საათის განმავლობაში, მაქსიმუმ 1 საათამდე ვადაში, ნაცვლად დღეებისა. თუმცა, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის, გიორგი ცხაკაიას განცხადებით, კლიენტთა მომსახურების ვადა ასევე დამოკიდებული იქნება განსაბაჟებელი საქონლის რაოდენობაზე. ამასთან, ტვირთის გაფორმებისას იმპორტიორს აღარ უწევს ძვირადღირებული ბროკერის, დეკლარანტისა და სხვა შუამავლების დაქირავება. გეზში ტვირთის გაფორმების საფასურის გადახდა შესაძლებელია 5-დღიანი გადავადებით და მისი საფასური თითქმის განახევრებულია არსებულ ტარიფებთან შედარებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი