ეკონომიკა

რატომ უნდა გამოვიყენოთ IBAN?

20 დეკემბერი, 2010 • • 1734
რატომ უნდა გამოვიყენოთ IBAN?

საქართველოს კომერციული ბანკები საკუთარ კლიენტებს ყოველი ვიზიტისას  საკუთარი ანგარიშების IBAN ანგარიშებით შეცვლას სთავაზობენ და  აფრთხილებენ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, გარკვეული პერიოდის შემდგომ მათ ავტომატურად მაინც მოუწევთ აღნიშნული ტიპის ანგარიშით სარგებლობა.

ჩანს, საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობა კვლავ ძველი ანგარიშებით სარგებლობს და არ ჩქარობს მათი IBAN ანგარიშებით შეცვლას, ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კი ისაა, რომ კომერციული ბანკები მოქალაქეებს სათანადოდ არ განუმარტავენ IBAN ანგარიშების მნიშვნელობას.

რეალურად, IBAN არის საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად წარმოდგენილი საბანკო ანგარიში. IBAN ანგარიშების გამოყენების შემთხვევაში მცირდება ანგარიშის ნომრის შეცდომით მითითების ალბათობა. რიგ შემთხვევებში ასევე მცირდება გადარიცხვის საკომისიო და სახსრების მიმღების ანგარიშზე ასახვის ხანგრძლივობა.

საბანკო ანგარიშების ნომრების IBAN სტანდარტი  „საბანკო სტანდარტების ევროპის კომიტეტმა“ შეიმუშავა, ხოლო მოგვიანებით  საეთაშორისო სტანდარტების ორგანიზაციის ISO 13616:1997 მიერ აღიარეს. ამჟამად იგი  ISO 13616-1:2007 სტანდარტის შესაბამისად რეგულირდება.

ISO 13616-2:2007-ის მიხედვით, IBAN ანგარიშების ფორმატების რეგისტრაციას  საერთაშორისო ბანკთაშორისი ფინანსური ტელეკომუნიკაციების საზოგადოება (SWIFT) აწარმოებს, რომელიც სახელმწიფოების მიხედვით ანგარიშების ნომრების ფორმატებს არეგისტრირებს. სარეგისტრაციო მოთხოვნების მიხედვით, IBAN ფორმატის რეგისტრაციის ფორმა შესაძლებელია წარადგინოს შესაბამისი ქვეყნის ცენტრალურმა ბანკმა ან ეროვნული სტანდარტიზაციის დაწესებულებამ.

IBAN ანგარიშების ნომრები გამოიყენება 48 სახელმწიფოში საქართველოს ჩათვლით.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი