ეკონომიკა

შემოსავლების სამსახური ბიზნესთან მიმართებაში სტრატეგიას ცვლის

18 დეკემბერი, 2010 • • 1142
შემოსავლების სამსახური ბიზნესთან მიმართებაში სტრატეგიას ცვლის

18 დეკემბერს ახლადგასხნილ გაფორმების ეკონომიკურ ზონაში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა გიორგი ცხაკაიამ ექპსერტებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრის ფარგლებში განიხილეს 2011 წელს ასამოქმედებელი ახალი საგადასახადო კოდექსის პრინციპები, საბაჟოს ფუნქციონირების ახალი წესები, გაფორმების ეკონომიკური ზონის მოქმედება, შემოსავლების სამსახურის მიერ სამომავლოდ განსახორციელებელი პროექტები და ა.შ.

გიორგი ცხაკაიამ აღნიშნა, რომ მიმდინარე პერიოდამდე შემოსავლების სამსახური გარკვეულ შეცდომებს უშვებდა ბიზნესმენებთან მიმართებაში და სწორედ ამის გამო არსებობს მათსა და ბიზნესს შორის გარკვეული უნდობლობის ფაქტორი. თუმცა, მისივე განცხადებით, შემოსავლების სამსახურმა უნდა შეცვალოს სტრატეგია და აღიქვას ბიზნესმენი, როგორც პარტნიორი და არ უნდა იყოს ბიზნესის მიმართ ჩასაფრებულ მდგომარეობაში.

შეხვედრაზე მყოფ ექსპერტთა მხრიდან ჯამში დადებითად იქნა შეფასებული შემოსავლების სამსახურის ახალი პოლიტიკა, თუმცა დაისვა კითხვები, თუ რატომ არ დაიწყო აღნიშნული რეფორმები 2004 წლიდან, რამდენად ექნებოდა შემოსავლების სამსახურს ლეგიტიმაცია, სრულად განეხორციელებინა დაგეგმილი რეფორმები.

საუბარი შეეხო ასევე დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლის თემას. გიორგი ცხაკაიას განცხადებით, რიგი კომპანიები მხოლოდ იმიტომ არ ითვლიან დღგ-ს, რომ შემოსავლების სამსახურმა ისინი არ შემოწმოს, მისი აზრით, ასეთი ეჭვებიც სწრაფად უნდა გაქრეს.

ექსპერტთა ნაწილმა დააყენა საკითხი კერძო არბიტრაჟში სახელმწიფოს მონაწილეობოსთან დაკავშირებით, თუმცა შემოსავლების სამსახურის უფროსმა აღნიშნული საკითხი მნიშვნელოვნად არ მიიჩნია.

საგადასახადო ობუდსმენის ინსტიტუტის შემოღებასთან დაკავშირებით აზრები ორად გაიყო. ექსპერტთა ნაწილმა საგადასახადო ობუდსმენის ინსტიტუტი სრულიად უსარგებლოდ მიიჩნია, ხოლო ექსპერტთა მეორე ნაწილის აზრით, საგადასახადო ობუდსმენის ინსტიტუტის ამოქმედება საჭიროა, თუ ობუდსმენის დამტკიცებაში პარლამენტს უფრო დიდი როლი იქნება, ვიდრე უბრალოდ საკონსულტაციო ფუნქციაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი