ეკონომიკა

2011 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა

17 დეკემბერი, 2010 •
2011 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა

დღეს პარლამენტმა  2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი 95 ხმით 8-ის წინააღმდეგ დაამტკიცა. ფინანსთა მინისტრის, კახა ბაინდურაშვილის განმარტებით, 2011 წლის ბიუჯეტი კიდევ 30 მილიონი ლარით არის გაზრდილი და მისი საერთო მოცულობა 7 107.1 მილიონი ლარით განისაზღვრა. დამატებით 30 მილიონი ლარის გამოყოფა ადმინისტრაციული ხარჯების კიდევ 10 %-ით შემცირების საფუძველზე მოხერხდა.

საქართველოს 2011 წლის ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 6 366.8 მლნ ლარით. საქართველოს 2011 წლის ნაერთი ბიუჯეტის გადასახადების საპროგნოზო მაჩვენებლების გაანგარიშებისას მხედველობაში იქნა მიღებული 2011 წლისთვის ეკონომიკური განვითარების საპროგნოზო მაჩვენებლები, კერძოდ, ეკონომიკური ზრდა (4.5%), ფასები (მშპ-ს დეფლატორის ცვლილება 7.0%), საგადასახადო პოლიტიკა, ადმინისტრირების დონის გაუმჯობესება და სხვა ფაქტორები.  ამასთან, საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი 5 955.8 მლნ ლარით განისაზღვრა.

ფინანსთა მინისტრის განცხადებით, სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებულია შემდეგი ძირითადი ღონისძიებების დაფინანსება: საპენსიო უზრუნველყოფაზე – 932.3 მლნ ლარია გამოყოფილი, სოციალური დახმარებები – 213.1 მლნ ლარი, ჯანმრთელობის დაცვის პროგრამები – 318.7 მლნ ლარი, მათ შორის, ჯანმრთელობის  დაზღვევის დაფინანსებაზე მიემართება 136.4 მლნ ლარი, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო პროგრამების შესაძლო დეფიციტის დაფინანსება და 2010 წელს შესრულებული სამუშაოების აუნაზღაურებელი ნაწილის გადახდა – 54.0 მლნ ლარი; საჯარო სკოლების ვაუჩერული დაფინანსება – 329.1 მლნ ლარი, აღნიშნული თანხა ითვალისწინებს ინგლისურისა და კომპიუტერის ცოდნის დანამატს საშუალო სკოლის მასწავლებლებზე; კერძოდ კი, პირველკლასელთათვის კომპიუტერების შესყიდვას – 32.0 მლნ ლარი; ინგლისურენოვანი მასწავლებლების დაფინანსებისთვის – 10.0 მლნ ლარი გამოიყოფა.  ასევე რეგიონებში სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამისთვის – 40.0 მლნ ლარია გათვალისწინებული; დევნილთა სახლების მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის – 134.4 მლნ ლარი; აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის მშენებლობის გაგრძელება – 196.4 მლნ ლარი; ბათუმისა და ქობულეთის შემოვლითი გზების მშენებლობა – 83.0 მლნ ლარი; შავი ზღვის ელექტროგადამცემი ქსელის მშენებლობა – 130.0 მლნ ლარი; ენგურისა და ვარდნილის ჰიდროელექტროსადგურების რეაბილიტაცია – 34.8 მლნ ლარი; მესტიის ტურისტულ ზონაში გზების რეაბილიტაცია – 56.6 მლნ ლარი; რუსთავი – თბილისის ავტობანის მშენებლობა – 15.0 მლნ ლარი;  ჯამში ადგილობრივი თვითმმართველობების დაფინანსებისა და ადგილობრივი ინფრასტრუქტურული პროექტებისათვის გამოიყოფა – 1 270.0 მლნ ლარი. თბილისის ინფრასტრუქტურული პროექტები – 250.0 მლნ; მსოფლიო ბანკისა და აზიის განვითარების ბანკის მიერ დაფინანსებული მუნიციპალური პროექტები – 145.0 მლნ ლარი; ინფრასტრუქტურული პროექტები – 100.0 მლნ ლარი.

როგორც ფინანსთა მინისტრმა, კახა ბაინდურაშვილმა პარლამენტის დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე ბიუჯეტის განხილვისას განაცხადა, ხელისუფლება მომავალ წელს სტუდენტებისთვის ორ ახალ სიახლეს გეგმავს. იგეგმება მეტროს გაყვანა “მაღლივ კორპუსთან”, რაც მნიშვნელოვანი სიახლე იქნება სტუდენტებისთვის.  გარდა ამისა, მინისტრის ინფორმაციით, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტრო “სტუდენტური დღეების” აღდგენას გეგმავს.   

მასალების გადაბეჭდვის წესი