ეკონომიკა

საქართველოში ფულადი გზავნილებით ისევ რუსეთი ლიდერობს

16 დეკემბერი, 2010 • • 1212
საქართველოში  ფულადი გზავნილებით ისევ რუსეთი ლიდერობს

საქსტატის ინფორმაციით, 2010 წლის ნოემბერში ქვეყანაში შემოსულმა ფულადი გზავნილების მოცულობამ 84.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 11.9 მლნ აშშ დოლარით, 16.4%-ით მეტია 2009 წლის ნოემბრის  ანალოგიურ მაჩვენებელზე. ამ პერიოდში ფულადი გზავნილების მოცულობა გაიზარდა რუსეთიდან (7.7 მლნ აშშ დოლარით), იტალიიდან (1.4 მლნ აშშ დოლარით), ყაზახეთიდან (1.0 მლნ აშშ დოლარით).

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 91.4 პროცენტი იმ 10 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ ნოემბერში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 10 ქვეყანაზე გასული წლის ნოემბერში მთელი ფულადი გზავნილების 91.0 პროცენტი მოდიოდა.

2010 წლის ნოემბერში რუსეთიდან შემოსულმა ფულადმა გზავნილებმა  სულ 46.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, აშშ-დან-5.8 მლნ, უკრაინიდან 5.6 მლნ. ხოლო ყველაზე მცირე მოცულობის ფულადი გზავნილი საქართველოში გერმანიიდან (1.4 მლნ აშშ დოლარი) და ისრაელიდან (1.1 მლნ აშშ დოლარი) განხორციელდა, რაც მნიშვნელოვნად არ განსხვავდება წინა წლის ნოემბრის ანალოგიური მაჩვენებლისგან.

ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობის მიხედვით, ოქტომბერში რუსეთსა და აშშ-სთან ერთად საბერძნეთი ლიდერობდა 5.3 მილიონი აშშ დოლარით, ხოლო ნოემბრის თვეში მას უკრაინა ჩაენაცვლა და საბერძნეთმა მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა.

2010 წლის ნოემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 8.5 მლნ აშშ დოლარი გადაიგზავნა, რაც 2.4 მილიონი აშშ დოლარით მეტია წინა წლის ნოემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ფულადი გზავნილები ყველაზე აქტიურად Western Union-ის მეშვეობით ხორციელდებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი