ეკონომიკა

ვერა ქობალია ბიზნეს-გაეთიანებების წარმომადგენლებს შეხვდა

16 დეკემბერი, 2010 • • 1038
ვერა ქობალია ბიზნეს-გაეთიანებების წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი საქართველოს ბიზნეს-ასოციაციისა და სხვა ბიზნეს-გაერთიანებების წარმომადგენლებს შეხვდა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით,  შეხვედრაზე ბიზნეს-სფეროში არსებული პრობლემური საკითხები განიხილეს. ვერა ქობალიამ ბიზნესმენებს სამინისტროს მიერ მომავალ წელს დაგეგმილ სიახლეებზეც მიაწოდა ინფორმაცია.

მინისტრის  განცხადებით, დიალოგი ეკონომიკის სამინისტროსა და ბიზნეს-გაერთიანებებს შორის გაგრძელდება. ამავე დროს ბიზნეს-ასოციაციასა და ეროვნულ საინვესტიციო სააგენტოს შორის  მუდმივმოქმედი ჯგუფი ჩამოყალიბდება, რომელიც განიხილავს და შეისწავლის ცალკეული ბიზნეს-სტუქტურების პრობლემებს, შემდგომ კი მათ სამინისტრო კომპეტენციის ფარგლებში გადაწყვეტს.

შეხვედრაზე, აგრეთვე, ექსპორტის წახალისებისა და საპრივატიზებო პროცესში ბიზნესის მეტი ჩართულობის საკითხებიც განიხილეს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის,  ვერა ქობალიას თქმით,  დაგეგმილია ქართული პროდუქციის კატალოგის მომზადება, რომელსაც  ყველა დაინტერესებულ ინვესტორს გაუგზავნიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი