ეკონომიკა

”Twitter” ანადგურებს “Facebook”-ს

14 დეკემბერი, 2010 • • 1108
”Twitter” ანადგურებს “Facebook”-ს

“Facebook” სოციალური ქსელების ბაზრის 75%-ს აკონტროლებს, ”Twitter”-ის წილი კი ბაზრის მხოლოდ 5%-ს შეადგენს. მიუხედავად ამისა, სოციალური მედიის მკვლევარები მიიჩნევენ, რომ ”Twitter”-ის გამოყენება მარკეტინგული კუთხით უფრო მიზანშეწონილია.

ორივე ქსელზე მილიონამდე ბმულის გაანალიზების შემდეგ მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ  “Facebook”-ზე ბმულს საშუალოდ 3 მნახველი ჰყავს, როდესაც ”Twitter”-ზე ეს რიცხვი 19-ს აღწევს, მაგრამ ეს არ არის ერთადერთი მტკიცებულება იმისა, თუ რატომ სჯობს მარკეტინგული კუთხით ”Twitter”-ის გამოყენება და რა უპირატესობები აქვს მას “Facebook”-თან შედარებით.

”Twitter”-ის მთავარ უპირატესობებად უნდა ჩაითვალოს ინფორმაციის სწრაფი გავრცელება, კერძოდ, დღეში მსოფლიოს მასშტაბით ტვიტების რაოდენობა 100 მილიონს აღწევს. ”Twitter”-ის დიზაინი და ვიდეოების 16 სხვადასხვა პროვაიდერიდან ატვირთვის შესაძლებლობა კიდევ უფრო მოსახერხებელს ხდის მას მარკეტინგული საქმიანობისთვის.

”Twitter”-ში განთავსებული ინფორმაცია უფრო მარტივი აღსაქმელია იმის გამო, რომ 140 სიმბოლო არ იძლევა საშუალებას, ინფორმაცია უსარგებლო წინადადებებით გადაიტვირთოს.

”Twitter”-ის მთავარი ნაკლად და “Facebook”-ის უპირატესობად კი შეიძლება ჩაითვალოს მომხმარებლების რაოდენობა; კერძოდ, ”Twitter”-ს 165 მილიონი მომხმარებელი ჰყავს მაშინ, როდესაც “Facebook”-ში 600 მილიონი ადამიანია დარეგისტრირებული. ასევე “Facebook”-ს უპირატესობაში უნდა ჩაითვალოს ტექნიკური საიმედოობა, ”Twitter” კი ხშირად მუშაობს ხარვეზებით და აღნიშნული ქსელით მეტი ვირუსი ვრცელდება.

მართალია, ”Twitter”-ს „Facebook“-ზე ბევრად ნაკლები მომხმარებელი ჰყავს, მაგრამ მისი საშუალებით ინფორმაცია უფრო სწრაფად ვრცელდება, გარდა ამისა, მას ინვესტიციების მიზიდვის მეტი შანსიც აქვს, ვინაიდან ”Twitter”-ით გავრცელებული ინფორმაცია ხშირად კონკრეტულ აუდიტორიამდე, პროდუქტით დაინტერესებულ ადამიანებამდე აღწევს, “Facebook”-ზე კი დიდი შანსია, ბიზნესი ინფორმაციის ზღვაში დაიკარგოს და ვერ მიაღწიოს კონკრეტულ მომხმარებლამდე.

მასალების გადაბეჭდვის წესი