ეკონომიკა

ყველაზე ძვირადღირებული რუსული ბრენდი „MTS“-ია

13 დეკემბერი, 2010 • • 1214
ყველაზე ძვირადღირებული რუსული ბრენდი „MTS“-ია

სააგენტო „Interbrand“-მა 40 ყველაზე ძვირადღირებული რუსული ბრენდის რეიტინგი გამოაქვეყნა-იუწყება ჟურნალი „Money“.

კვლევა კომპანიების გასული წლის ფინანსურ მონაცემებს-ვალებს, მოგებას, კომპანიის გავლენიანობას და გამოწვევებს ეფუძნება. მსგავსი რეიტინგი ბოლოს 2008 წელს გამოქვეყნდა.

თუ ყოველწლიურ გლობალურ რეიტინგებში „კოკა-კოლა“ ლიდერობს, 2005-2008 წლების მონაცემებით, ყველაზე ძვირადღირებულ კომპანიად რუსეთში „ბილაინი“ დასახელდა. „ძვირფასი“ ბრენდების სამეულში ამჯერად ცვლილება მოხდა, „ბილაინმა“, რომელიც 6,3 მილიარდ დოლარადაა შეფასებული, პირველიდან მეორე ადგილზე გადაინაცვლა  და ლიდერობა ამჯერად  „MTS“-ს დაუთმო. მისმა ღირებულებამ 2 წელიწადში 12%-ით მოიმატა და ამჟამად 7,5 მილიარდ დოლარს შეადგენს.

„ბილაინს“ და „MTS“-ს უკვე შეუძლიათ პრეტენზია გამოაცხადონ მსოფლიოს ძვირადღირებულ ბრენდების ასეულში შესაბამისი ადგილების დასაკუთრებაზე, თუმცა ისინი ჯერაც ვერ პასუხობენ „Interbrand“-ის გლობალურობის კრიტერიუმებს. მსოფლიოს მასშტაბით, ყველაზე ძვირადღირებული კომპანიების ტოპ-100-ის  შეფასების კრიტერიუმების თანახმად, ბრენდის პროდუქცია ან მომსახურება უნდა მოიცავდეს მინიმუმ სამ კონტინენტს, მისი შემოსავალი უცხოეთის ფილიალებიდან უნდა შეადგენდეს მთლიანი შემოსავლის არანაკლებ 30%-ს და 50%-ს საკუთარი კონტინენტიდან.

მესამე ადგილი „ბალტიკა“-ს უკავია. ათეულში ასევე მოხვდნენ ბანკები, ნავთობ-კორპორაციები და საცალო მოვაჭრეები. ყველაზე დიდი კლება აჩვენა მოსკოვის ბანკმა 31%-ით, ანუ 189 მილიონი დოლარით.

რაც შეეხება მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ ბრენდებს, მსოფლიოს 74 „ძვირფასი“ ბრენდის ფასმა წინა წლებთან შედარებით მოიმატა, რაც იძლევა იმის მტკიცების საშუალებას, რომ მსოფლიოში ეკონომიკური სიტუაცია გაუმჯობესდა.

ავტომობილების 11 ბრენდიდან მხოლოდ „Harley-Davidson“ გაიაფდა 24%-ით 3,28 მილიარდამდე. რაც შეეხება ფუფუნების საგნებს, ამ სეგმენტში ცვლილება არ შეინიშნება, კერძოდ, Burberry-მ შეინარჩუნა წინა წლის ფინანსური მაჩვენებლები (3,11 მილიარდი).

 

მასალების გადაბეჭდვის წესი