ეკონომიკა

WikiLeaks-ის შემოსავალმა 1 მილიონი ევრო შეადგინა

27 დეკემბერი, 2010 •
WikiLeaks-ის შემოსავალმა 1 მილიონი ევრო შეადგინა

სკანდალურად ცნობილმა ინტერნეტ-რესურსმა WikiLeaks-მა 1 მილიონი ევროს ოდენობის  შემოსავალი მიიღო, ამის შესახებ იმ ფონდის მეშვეობით გახდა ცნობილი, რომელიც აღნიშნული საიტის ანგარიშებს განაგებს – იუწყება The Wall Street Journal.

აღნიშნული თანხა WikiLeaks-მა, შემოწირულობების ხარჯზე, სხვადასხვა კერძო პირებისგან მიიღო.

სკანდალური ინტერნეტ-რესურსის ხარჯები 380 ათას ევროს შეადგენს, თუმცა მას ყველა ხარჯი ჯერ კიდევ არ გაუსტუმრებია.

WikiLeaks-ის ბიუჯეტის ძირითადი ხარჯვითი ნაწილი კომპიუტერულ აღჭურვილობაზე, ინტერნეტის გადასახადზე და აღნიშნული საიტის პერსონალის მივლინებებზე მიდის.

ფონდის ცნობით, ინტერნეტ-რესურსის შემოწირულობები მას შემდეგ გაიზარდა, რაც მან საიდუმლო პუბლიკაციების გამოცემა დაიწყო. ამის შემდეგ ხელმძღვანელობამ გადაწყვეტილება მიიღო,  რომ WikiLeaks-ის ზოგიერთი თანამშრომლისთვის, მათ შორის პროექტის დამფუძნებლის, ჟულიან ასანჟისთვის ანაზღაურება დაეწესებინა. აღნიშნული გადაწყვეტილების შემდეგ ჟულიან ასანჟის შემოსავალმა 2010 წელს 66 ათასი ევრო შეადგინა.

ამავდროულად, WikiLeaks  სხვადასხვა მედია საშუალებებთან ზოგიერთი პუბლიკაციის გამოქვეყნების თაობაზე  მოლაპარაკებებსაც აგრძელებს. მისი ახალი ინფორმაციული პარტნიორი გახდა რუსული “Новая газета”. WikiLeaks-ის პარტნიორები არიან აგრეთვე: ესპანური გაზეთი El Pais, ფრანგული  Le Monde, გერმანული ჟურნალი Der Spiegel, ბრიტანული გაზეთი The Guardian და ამერიკული The New York Times.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი