ეკონომიკა

ეკონომიკური სტრატეგიები მშვიდობისათვის – სამი ნაბიჯი

13 დეკემბერი, 2010 • 2147
ეკონომიკური სტრატეგიები მშვიდობისათვის – სამი ნაბიჯი

10-11 დეკემბერს თბილისში, სასტუმრო რედისონში, კონრად ადენაურის ფონდის ხელშეწყობით და თანამშრომლობით, საქართველოს საპარტრიარქოსთან გაიმართა კონფერენცია თემაზე: “სტრატეგიები მშვიდობისათვის – სამხრეთ კავკასიის რეგიონული ინტეგრაციის შესაძლებლობები”. კონფერენციაზე თემები სამი მიმართულებით განიხილებოდა– პოლიტიკა, ეკონომიკა და კულტურა. კონფერენციაზე აქცენტი კეთდებოდა სამხრეთ კავკასიური ქვეყნების ინტეგრაციის შესაძლო სცენარებზე. კონფერენციის მონაწილეები შეთანხმდნენ რამოდენიმე მნიშვნელოვან საჭირო ნაბიჯზე განხილული საკითხების ირგვლივ, მათ შორის მნიშვნელოვანი იყო ეკონომიკურ კონტექსტში განხილული ნაბიჯები.

მშვიდობიანი კავკასია არის თემა, რომელიც მრავალი ათეული წლის გასვლის შემდგომ მაინც აქტუალური იქნება. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ სამხრეთ კავკასიურმა ქვეყნებმა “მემკვიდრეობით” მიიღეს დეგრადირებული ეკონომიკა, საქართველომ და აზერბაიჯანმა კი “დამატებით” დაკარგეს ტერიტორიები.

სხვადასხვა დონეზე გამართულ კონფერენციებში ძალიან ხშირად სვამენ საკითხს სამხრეთ კავკასიური შესაძლო მშვიდობის უზრუნველყოფის მიმართულებით, თუმცა ჩანს, რომ, ამ მხრივ, რაიმე სერიოზული წინსვლა უბრალოდ არ არსებობს.

სინამდვილეში დაპირისპირებულ მხარეთა პოლიტიკური შერიგების მექანიზმები ხშირ შემთხვევში უფრო ნაკლებად ეფექტურია, ვიდრე ეკონომიკური მექანიზმები. ამის მაგალითად საქართველოში არსებული სიტუაცია გამოდგება: ცხინვალის რეგიონში კონფლიქტის შემდეგ ეთნიკურად ქართული და ეთნიკურად ოსური მოსახლეობის შერიგების ფუნქცია სწორედ ეკონომიკურმა ინტერესებმა მოახერხა, საუბარია ე.წ. ერგნეთის ბაზრობაზე, სადაც ქართველი და ოსი თანამოქალაქეები საკმაოდ წარმატებულად თანამშრომლობნენ ერთმანეთთან. ქართულ-აფხაზური ურთიერთანამშრომლობის კარგ მაგალითად კი ენგურჰესის დასახელება შეიძლება.

მთლიანობაში ძალიან ძნელია ისაუბრო საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის სრულყოფილ ეკონომიკურ ინტეგრაციაზე. თუმცა სრულიად რეალურია მუშაობის გააქტიურება თავისუფალი ვაჭრობის, ევროკავშირის სტანდარტებთან კანონმდებლობის მაქსიმალური ჰარმონიზაციის მიმართულებით და ა.შ.

საქართველოს შემთხვევაში მშვიდობიანი კავკასიის უზრუნველყოფა პირველ რიგში საკუთარი შიდა კონფლიქტების მოგვარების პერსპექტივებს უკავშირდება.

კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარება გრძელვადიანი პროცესია და ამ პროცესში ეკონომიკურ და ბიზნეს ინტერესებს  მნიშვნელოვანი როლის თამაში შეუძლია.

დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოსა და დანარჩენ ორ კონფლიქტურ რეგიონს შორის არანაირი ტიპის ეკონომიკური ურთიერთობა არ არსებობს, თუმცა, ოფიციალურად თითქმის არც არსებობდა კონფლიქტების შემდგომ, ვინაიდან საქართველოს მხრიდან დეკლარირებული იყო აღნიშნული რეგიონების, ძირითადად, აფხაზეთის ეკონომიკური ბლოკადა.

მაშინ, როდესაც ორივე კონფლიქტური რეგიონი ესაზღვრება კონფლიქტის მთავარ ინსპირატორს, შეუძლებელია ვიფიქროთ ეკონომიკური ბლოკადის რეალურ ეფექტზე. იმ შემთხვევაში კი, თუ ეკონომიკური ბლოკადის სრული მოხსნის ნება არ იარსებებს, სწორი გადაწყვეტილება მისი ნაწილობრივი მოხსნის განხილვა მაინც იქნება და, ამავე დროს, ცალკეული ინიციატივების ხელშეწყობა და წახალისება.

მიუხედავად ყოველივე აღნიშნულისა, ნებისმიერი ტიპის ეკონომიკურ ურთიერთობას არ შეიძლება მიეცეს სპონტანური ხასიათი ან  იგი მხოლოდ თვითდინებაზე იყოს მიშვებული, პირიქით, ყველა აღნიშნული ტიპის ინიციატივა უნდა ჯდებოდეს სახელმწიფოს სტრატეგიაში ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ.

რეალურად შესაძლებელია გამოვკვეთოთ სამი ნაბიჯი, რომლის გადადგმაც მნიშვნელოვანი იქნება კონფლიქტურ რეგიონებთან დაკავშირებით ეკონომიკური იტერესების გამოკვეთისა და ნდობის აღდგენის მიმართულებით:

პირველი ნაბიჯი – თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნა ხელს შეუწყობს გარკვეული გამყოფი ხაზებით დაშორებულ მოსახლეობას შორის ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენასა და ვაჭრობის გაფართოებას.

მეორე ნაბიჯი – აფხაზეთთან სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა საშუალებას მისცემს და დააჩქარებს ეკონომიკის ლეგალური სექტორის ამოქმედებას.

მესამე ნაბიჯი  – ყველა იმ ბიზნეს აქტივობის შესწავლა, რომელიც კონფლიქტის შემდგომ წარმოიქმნა და განვითარება ჰპოვა აღნიშნულ რეგიონებში. ამ მხრივ, უპირატესად, აფხაზეთია საინტერესო. კვლევის შემდგომ შესაძლებელია კონფლიქტურ რეგიონებში მცხოვრები ბიზნესმენთათვის სპეციალური შეთავზებების გაკეთება. მაგალითად, აფხაზეთში კონფლიქტის შემდგომ წარმოქმნილ საწარმოში წარმოებულ პროდუქციას ექნება შანსი, საზღვარგარეთის ბაზრებზე გავიდეს, როგორც მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაციის წევრი ქვეყნის პროდუქცია.

გარდა აღნიშნულისა, რეალობაა ასევე ისიც, რომ აფხაზეთში საკმაოდ მაღალია თურქული ბიზნეს ინტერესები. შესაბამისად, ქართული მხარე არ უნდა ეცადოს ამ მიმართულებით თურქი ბიზნესმენების შეზღუდვას, პირიქით, ისინი შესაძლებელია  აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული რუსული კლანური ბიზნესის ერთგვარ საპირწონედ იყვნენ განხილული. ზემოთ დასახელებული პირველი სამი ნაბიჯით სარგებლობა შესაძლებელია შევთავაზოთ თურქ ბიზნესმენებს და მათი საქმიანობაც აფხაზეთში საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან ერთგვარად ლეგალიზდება.  

საბოლოოდ შეიძლება ითქვას, რომ არასერიოზული იქნება მსჯელობა მხოლოდ და მხოლოდ ეკონომიკური ინტერესების საშუალებით კონფლიქტების სრული მოგვარებაზე, თუმცა, სოციალურ დონეზე ურთიერთობების მნიშვნელოვან გაუმჯობესებაში აღნიშნულ ინტერესებს, შესაძლოა, წამყვანი როლი დაეკისროთ.

გიორგი აბაშიშვილი
გიორგი აბაშიშვილი
გიორგი აბაშიშვილი არის ნეტგაზეთის ეკონომიკის განყოფილების რედაქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი ეკონომიკისა და ბიზნესის მიმართულებით, ამავე უნივერსიტეტის საჯარო პოლიტიკის დოქტორანტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი