ეკონომიკა

არაბთა გაერთიანებულ საემიროებთან ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შეთანხმებას მოეწერა ხელი

10 დეკემბერი, 2010 •
არაბთა გაერთიანებულ საემიროებთან ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების  შეთანხმებას  მოეწერა ხელი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ქ. აბუ-დაბიში ხელი მოეწერა „საქართველოს მთავრობასა და არაბთა გაერთიანებული საემიროების მთავრობას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის“  შესახებ შეთანხმებას.

სამინისტრო იუწყება, რომ  არაბთა გაერთიანებული საემიროები საქართველოს ერთ-ერთი სტრატეგიული პარტნიორია, რასაც ადასტურებს შემდეგი ეკონომიკური მაჩვენებლები: 2007-2009 წლებში სავაჭრო ბრუნვამ ორ ქვეყანას შორის 76 121 200 ა.შ.შ. დოლარს გადააჭარბა, რაც საქართველოს საგარეო ვაჭრობის 20.5%-ს წარმოადგენს, ხოლო საქართველოში განხორციელებული პირდაპირი ინვესტიციების თანხამ 600 191 200 ა.შ.შ. დოლარი შეადგინა.  

“ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ”  შეთანხმებასთან დაკავშირებით წარმოდგენილი შეთანხმების ტექსტი ეფუძნება ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მოდელს. მოდელის შესაბამისად, შეთანხმების პროექტი ითვალისწინებს შემოსავლების დაბეგვრას შემოსავლის წყაროს ქვეყანაში გარკვეული შეზღუდვებით, შეზღუდვების გარეშე, რეზიდენტობისა და საწარმოს ფაქტობრივი მართვის ადგილის მიხედვით.

აღსანიშნავია, რომ დივიდენდების, პროცენტისა და როიალტის დაბეგვრა ხორციელდება რეზიდენტობის მიხედვით. საქართველოს ეკონომიკური კურსიდან გამომდინარე, წყაროსთან დაბეგვრა არ არის გათვალისწინებული.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი