“ქრისტიან-დემოკრატებმა” ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მიერ აჭარაში მცხოვრები ოჯახებისთვის კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების ჩამორთმევა გააპროტესტეს.
გიორგი თარგამაძის თქმით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრების აღიარების კომისიამ გონიოს თემში, ზღვისპირა საკურორტო ზონაში, მიწის საკუთრების 280-მდე მოწმობა გააუქმა, რადგან აღნიშნული ძეგლი მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი, თუმცა თარგამაძის განმარტებით, ამ ძეგლს აღნიშნული სტატუსი არ გააჩნია.
ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობის წევრის, ნიკოლოზ ლალიაშვილის განცხადებით, ადამიანებისთვის მიწის საკუთრების მოწმობების გაუქმება კონსტიტუციის 21–ე მუხლი ირღვევა, რადგანაც საკუთრების ჩამორთმევა მხოლოდ სასამართლო გადაწყვეტილების გზით ან ორგანული კანონით დადგენილი წესით უნდა ხდებოდეს. მისივე განმარტებით, ის მესაკუთრეები, რომელთა საკუთრების მოწმობებიც გაუქმებულად გამოცხადდა, მიწის ნაკვეთების კანონიერ მფლობელებად რჩებიან.
“ქრისტიან-დემოკრატებმა” ხელისუფლებას მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება მოსთხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი ამ ადამიანების უფლებებს საქართველოს ყველა დონის სასამართლოში და, საჭიროების შემთხვევაში, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში დაიცავენ.