ეკონომიკა

„ჩვენი თბილისის“ ინიციატივები ვეტერანების პირობების გასაუმჯობესებლად

10 დეკემბერი, 2010 • • 1065
„ჩვენი თბილისის“ ინიციატივები ვეტერანების პირობების გასაუმჯობესებლად

თბილისის საკრებულოს ფრაქციის “ჩვენი თბილისის”  წევრები ხელისუფლებისაგან ვეტერანებისათვის ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების განხორციელებას ითხოვენ. 

როგორც ბრიფინგზე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ,  ფრაქცია “ჩვენი თბილისის” წევრმა, ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, თბილისში სულ 22 ათასი ვეტერანი ცხოვრობს, რომლებიც ქალაქის ხელისუფლებამ სამედიცინო დახმარების გარეშე დატოვა. “თავისუფალი დემოკრატები” ვეტერანთა პირობების გაუმჯობესების მიზნით, ხელისუფლებას რამდენიმე ინიციატივას სთავაზობენ. 

ისინი სპეციალური საწარმოს შექმნას მოითხოვენ, სადაც ვეტერანთა სამედიცინო-ტექნიკური ინვენტარი დამზადდება, ასევე მოითხოვენ, შემუშავდეს ასიგნებების ფარგლებში დამტკიცებული მექანიზმი, კადრების მომზადებისა და გადამზადების პროგრამებში ვეტერანთა ჩართვის მიზნით.

ზურაბ აბაშიძის თქმით, აუცილებელია მერიის არქიტექტურულმა სამსახურმა შეიმუშაოს სათანადო აქტები საბინაო ახალმშენებლობებში სპეციალური მისასვლელების გათვალისწინებით და იგივე გაკეთდეს საქალაქო დაწესებულებებში. ზურაბ აბაშიძის აზრით, მერიამ, თუნდაც ნაწილობრივ, უნდა შეასრულოს ვეტერანებისათვის მიცემული წინასაარჩევნო დაპირება პარკირების ფასების შენარჩუნების შესახებ და მათზე გაავრცელოს 50%-იანი შეღავათები. ასევე, I და II ჯგუფის ინვალიდი ვეტერანებისათვის შეიმუშაოს რეფერალური და ურგენტული მკურნალობის სისტემა, გარდა ამისა, გამოინახოს შესაძლებლობები ვაზიანსა და ისანში კომპაქტურად ჩასახლებული ვეტერანების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისათვის. ამ მიზნით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში, მატერიალური დახმარებისთვის მერიის ფონდიდან გამოიყოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული მებრძოლების ოჯახებისთვის  ერთჯერადი თანხები  და შემუშავდეს და რეალურად ამოქმედდეს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ოჯახის წევრების უმაღლეს სასწავლებლებში სწავლების საფასურის მუნიციპალური თანაგადახდის მექანიზმი.

ზურაბ აბაშიძის განნცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მომავალი წლის ქალაქის ბიუჯეტი დამტკიცებულია, არსებობს გარკვეული ასიგნებები, რითიც, დედაქალაქის ხელისუფლების თანხმობისა და სურვილის შემთხვევაში,  მათი მოთხოვნების გათვალისწინება შესაძლებელია.

ზურაბ აბაშიძის განცხადებას საკრებულოს უმრავლესობის წევრი ირაკლი ნადირაძე გამოეხმაურა.  მისი განცხადებით, დედაქალაქის 2011 წლის ბიუჯეტში ბევრი სოციალური პროგრამაა გათვალისწინებული, თუმცა  საკრებულო   ყველა ინიციატივას გაითვალისწინებს, რომელიც შესაბამისი ფორმით იქნება წარმოდგენილი.  “თბილისის საკრებულოს ოპოზიციას ყველა კომისიაში ჰყავს თავისი წარმომადგენელი. შესაბამისად, მათი მხრიდან წამოყენებულ ყველა მნიშვნელოვან საქმეს და წინადადებას შევისწავლით და კომისიების გავლის შემდეგ, შესაძლებლობების ფარგლებში, ყველა ინიციატივას განვიხილავთ”,–აღნიშნა ირაკლი ნადირაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი