ეკონომიკა

პროკრედიტ-ბანკი „გამჭვირვალობის კამპანიას“ იწყებს

9 დეკემბერი, 2010 • • 1446
პროკრედიტ-ბანკი „გამჭვირვალობის კამპანიას“ იწყებს

პროკრედიტ ბანკი „გამჭვირვალობის კამპანიას“ იწყება. კამპანია საგანმანათლებლო ხასიათისაა და საფინანსო საკითხებში საქართველოს მოსახლეობის ცოდნის დონის ამაღლებას ისახავს მიზნად. მისი ძირითადი გზავნილი ისაა, რომ ყველა საბანკო მომსახურება და პროდუქტი ნათელი, გამჭვირვალე და კლიენტებისთვის ადვილად გასაგები იყოს, რათა, მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, მათ  ბანკთან ურთიერთობისას გონივრული გადაწყვეტილებები მიიღონ.

„პროკრედიტ ბანკი საქართველოს“ გენერალური დირექტორი, მაია მერედოვა-„სოციალური პასუხისმგებლობის მქონე საბანკო საქმიანობა და კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება პროკრედიტ ბანკის მთავარი ორიენტირია, ამიტომ საბანკო მომსახურების გამჭვირვალედ და კლიენტებისთვის გასაგებად გაწევის მნიშვნელობა კარგად გვესმის. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ბანკებისა და საბანკო მომსახურების შესახებ საზოგადოებას ზოგადი წარმოდგენა აუცილებლად უნდა ჰქონდეს, რადგან ინფორმირებული მოსახლეობა უფრო მეტი ყურადღებით აირჩევს ბანკსა და საბანკო მომსახურებას, რომელიც მას რეალურად სჭირდება, ეს კი ძლიერი და სტაბილური საბანკო სექტორის არსებობის აუცილებელი წინაპირობაა.“

მერედოვას განცხადებით, ბანკის კლიენტები ბოლომდე გათვითცნობიერებულნი არ არიან საბანკო  მომსახურებასა და ბანკის მიერ შემოთავაზებულ პირობებში, მეტიც, ისინი დეტალურად არ ეცნობიან ხელშეკრულებებს და არ იციან მათი ვალდებულებები. პროკრედიტ ბანკს მიაჩნია, რომ საბანკო სექტორის სწრაფი განვითარება ფართო საზოგადოების ფინანსური განათლების პარალელურად არ მომხდარა, რადგანაც ამა თუ იმ მომსახურების რეკლამირებას მეტი ყურადღება ეთმობოდა, ვიდრე მომხმარებლისთვის შეთავაზებული მომსახურების შესახებ ამომწურავი და დეტალური ინფორმაციის მიწოდებას. მაია მერედოვას თქმით, ეს განსაკუთრებით სასესხო ხელშეკრულებებს ეხება, კერძოდ, კლიენტები სესხის აღებისას მხოლოდ საპროცენტო განაკვეთებს აქცევენ ყურადღებას და მხედველობის მიღმა რჩებათ საკომისიო და სხვა გადასახადები, რომლებიც სესხს უკავშირდება, სწორედ ამიტომ, კლიენტები დიდი რაოდენობით სესხს იღებენ და საბოლოოდ, მის გადახდას ვერ ახერხებენ.  აქედან გამომდინარე, ბანკს მიაჩნია, რომ მისი ვალია, ფართო საზოგადოების ფინანსურ განათლებაში საკუთარი წვლილი შეიტანოს.

კამპანიის ფარგლებში პროკრედიტ ბანკმა საინფორმაციო ხასიათის ბროშურა  ” რა უნდა ვიცოდეთ საბანკო მომსახურების შესახებ“ მოამზადა. აღნიშნული ბროშურა მოიცავს კლიენტებისათვის საჭირო ინფორმაციას ისეთი ძირითადი საბანკო მომსახურებების შესახებ, როგორებიცაა: ანაბრები და სესხები, გარდა ამისა, ყურადღება გამახვილებულია საბანკო ხელშეკრულებების მნიშვნელოვან ასპექტებზე. მაია მერედოვას თქმით, ინფორმირებული კლიენტი მეტი პასუხისმგებლობით ურთიერთობს ბანკთან.

აღნიშნული ბროშურა 2 თვის განმავლობაში დარიგდება პროკრედიტ ბანკის 58 ფილიალში მთელი საქართველოს მასშტაბით. ბროშურა ფართო საზოგადოებას როგორც ბანკის ფილიალების ფართო ქსელის, ასევე ქართული ბეჭდური მედიის საშუალებითაც მიეწოდება, აგრეთვე, კამპანია საქართველოს უნივერსიტეტებში ლექციების ჩატარებასა და ბანკის ფილიალებში კლიენტებისთვის საინფორმაციო საღამოების მოწყობასაც ითვალისწინებს. მაია მერედოვას განმარტებით, კამპანიის მიზანი არ არის პროდუქტების გასაღება, არამედ ზოგადი წარმოდგენის შექმნა საბანკო მომსახურების შესახებ. „პროკრედიტ ბანკი საქართველოს“  გენერალური დირექტორის თქმით, საინფორმაციო კამპანია სოციალურ ქსელ ფეისბუქსაც მოიცავს, კერძოდ,  შეიქმნება გვერდი (www.facebook.com  / ProcreditBank Georgia), სადაც მომხმარებელს კედელზე ბანკის თანამშრომლებისთვის კითხვის დასმის საშუალება ექნება. გარდა ამისა, ფეისბუქის კედელზე კლიენტებისთვის კალკულატორიც განთავსდება.

ნეტგაზეთის მიერ დასმულ კითხვაზე, თუ რამდენად ხშირია ფაქტები, როდესაც კლიენტი, ხელშეკრულების არასათანადო გაცნობის შემთხვევაში, იღებს დიდი რაოდენობით სესხს და ვერ ახერხებს მის გადახდას, მერედოვამ განგვიმარტა, რომ ასეთი შემთხვევები, რა თქმა უნდა, ბანკს ჰქონია, მაგრამ არა იმიტომ, რომ ბანკმა  დიდი ოდენობის სესხი გასცა, რაც არ შეესაბამებოდა კლიენტის გადახდისუნარიანობას, არამედ იმიტომ, რომ მათ დამატებითი სესხის ასაღებად სხვა ბანკებსაც მიმართეს და გადახდა ვეღარ შეძლეს.

 პროკრედიტ ბანკის აღნიშნულ პოზიციას და კამპანიას მხარს ეროვნული ბანკი უჭერს.

მასალების გადაბეჭდვის წესი