ეკონომიკა

რუსეთსა და პოლონეთს შორის ურთიერთობები ღრმავდება

7 დეკემბერი, 2010 • • 1138
რუსეთსა და პოლონეთს შორის ურთიერთობები ღრმავდება

პოლონეთის პრეზიდენტი ბრონისლავ კომაროვსკი მედვედევის ვიზიტს ვარშავაში უკავშირებს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების კარდინალურად გაუმჯობესებასა და პოლონეთის დაინტერესებას, მონაწილეობა მიიღოს რუსეთის ეკონომიკის მოდერნიზებაში, იუწყება  РИА “Новости”.

კომაროვსკის თქმით, პოლონეთი მოუთმენლად ელოდება რუსეთის შესვლას მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში. მისი თქმით, ეს ხელს შეუწყობს ეკონომიკის განვითარებას რუსეთში და ქვეყნის ურთიერთობების გაღრმავებას არა მხოლოდ პოლონეთთან, არამედ მსოფლიო სავაჭრო ორგანზაციის წევრ სხვა სახელმწიფოებთანაც.

„პოლონეთს განსაკუთრებული გეოგრაფიული მდებრეობა აქვს და ეს  ჩვენი ისტორიის წყევლაც კი იყო, მაგრამ შესაძლოა ჩვენთვის დიდ კურთხევადაც  იქცეს, თუ ჩვენ რუსეთს ისე შევხედავთ, როგორც მნიშვნელოვან პარტნიორს“- განაცხადა კომაროვსკიმ რია ნოვოსტის ცნობით.

პრეზიდენტმა მედვედევმა, თავის მხრივ, დაადასტურა რამოდენიმე რუსული კომპანიის დაინტერესება პოლონეთში ობიექტების პრივატიზების შესახებ, მათ შორისაა ენერგეტიკული კომპანია LOTOS-ი. „ჩვენ დაინტერესებულები ვართ, რომ რუსულმა კომპანიებმა იარსებონ პოლონეთში“-განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა. უფრო ადრე კომპანია LOTOS-ის ირგვლივ არსებულ სიტუაციას კომენტარი გაუკეთა რუსეთის ენერგეტიკის მინისტრმა სერგეი შმატკომ. მისი თქმით, რუსული კომპანიები დაინტერესებულები არიან LOTOS-ის პრივატიზებით.

თუ რომელი რუსული ფირმა მიიღებს მოლაპარაკებებში მონაწილეობას, ჯერჯერობით, არ კონკრეტდება. „გაზპრომის“ გენერალური დირექტორის, ალექსეი მილერის თქმით, მისი კომპანიაც დაინტერესებულია LOTOS-ის ყიდვით.

 LOTOS ერთ-ერთი უმსხილესი კომპანიაა პოლონეთში, იგი ვერტიკალურად ინტეგრირებული ნავთობის  კონცერნია, რომელშიც 10-ზე მეტი კომპანია შედის. მათ  საკუთარი წვლილი შეაქვთ ნავთობის მოპოვების  სამუშაოებში. კომპანია წელიწადში  6 მილიონ ტონა ნავთობს ამუშავებს და პოლონური საწვავის ბაზარზე ქსელის მეშვეობით, რომელშიც 400 -ზე მეტი სადგური შედის, თავის ისედაც ძლიერ პოზიციას იმყარებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი