ეკონომიკა

ულტრათანამედროვე გაფორმების ეკონომიკური ზონა ლილოში

6 დეკემბერი, 2010 • • 1592
ულტრათანამედროვე გაფორმების ეკონომიკური ზონა ლილოში

მიმდინარე წლის 3 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ლილოში ახალი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი გაფორმების ეკონომიკური ზონა ოფიციალრად გახსნა.

გაფორმების ეკონომიკური ზონა (გეზი) საქართველოში უპრეცედენტო სიდიდის 12 ჰექტარზე გაშენებული კეთილმოწყობილი ტერიტორიაა. სპეციალურად დაგეგმარებული ავტოსადგომი გათვლილია 400 სატვირთო ავტომანქანაზე. შესაძლებელია ერთდროულიად ნებისმიერი რაოდენობის იმპორტიორის მომსახურება კვირაში შვიდი დღე, 24 საათის განმავლობაში.

იმპორტიორს შესაძლებლობა აქვს ისარგებლოს ექსპერტისა და ტექნიკური პერსონალის მომსახურებით, გეზში ტვირთის გაფორმების საფასურის გადახდა შესაძლებელია  5-დღიანი გადავადებით, ტვირთის გაფორმების სრული პროცედურა კი რამდენიმე წუთში სრულდება.

საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის თქმით, ახალი ეკონომიკური კურსი ემსახურება ხარვეზების სრულად დაძლევასა და მეწარმეებისათვის კომფორტული ბიზნეს გარემოს შექმნას. “ახალი კურსი” ითვალისწინებს: ახალი საგადასახადო კოდექსის ამუშავებას, რომელიც შეამცირებს საგადასახადო ადმინისტირების წნეხს მეწარმეზე, დარღვევის პატიებისა და წინასწარი გაფრთხილების მექანიზმის შემოღებას; ასევე საგადასახადო ომბუდსმენის ინსტიტუტის ამოქმედებას, რათა მეწარმე უფრო დაცულად გრძნობდეს თავს, დარიცხვის ისეთი მექანიზმის შემოღებას, რომ ბიზნესის შეცდომის გამო, დარიცხულმა თანხამ საწარმოს გაჩერება და დანგრევა არ გამოიწვიოს; მაშინაც კი, თუ საწარმოს მფლობელი შეგნებულად არღვევს კონკრეტულ ნორმებს, საწარმო კი არ უნდა დაიხუროს, ახალ, კვალიფიციურ კადრებს მოამზადებს და ძველებს გადაამზადებს ისე, რომ ყოველი მათგანი ორიენტირებული იყოს  ბიზნესის წარმატებასა და ხელშეწყობაზე, ახალი ინფრასტრუქტურის მშენებლობას, რომელიც მკვეთრად გაამარტივებს პროცედურებს და მომსახურებას, შეამცირებს ბიუროკრატიას და მომსახურეობის ვადებს მინიმუმამდე დაიყვანს.

„ახალი კურსის შედეგად, ჩვენ მივიღებთ რეალურად ბიზნესზე ორიენტირებულ სახელმწიფო სტრუქტურას, რომელიც ჩასაფრებული კი არ იქნება დარღვევის გამოსავლენად, არამედ ითანამშრომლებს ბიზნესთან, რათა დაეხმაროს მას განვითარდეს სამართლიან და კანონიერ გარემოში. ახალი ეკონომიკური კურსის პირველი მერცხალია გაფორმების ის ეკონომიკური ზონა, რომელშიც ახლა ვიმყოფებით. უახლოეს თვეებში კიდევ ორი იხსნება ადლიასა და ფოთში,“- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ეკონომიკური ზონა, პრეზიდენტის განმარტებით, ე.წ. ტერმინალებს ჩაანაცვლებს, რომლებიც წლების განმავლობაში დიდ კორუფციასთან ასოცირდებოდა.  გარდა ამისა, გაფორმების ეკონომიკური ზონა მკვეთრად ამცირებს ბიუროკრატიას და სამი-ოთხი ინსტანციის ნაცვლად, გადამზიდავს საშუალება ექნება, ერთი ფანჯრის პრინციპით მიიღოს სრული მომსახურეობა. ამას გარდა, მინიმუმ განახევრდება განბაჟების მომსახურების ხარჯები.  მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ულტრათანამედროვე გაფორმების ეკონომიკური ზონები (გეზ-ები) ჩაანაცვლებს აქამდე არსებულ ტერმინალებს ფოთსა და ბათუმში,  რომლებიც იანვრისთვის გაიხსნება.

„ახლა ეს სამი კომპონენტი – განახლებული ინფრასტრუქტურა, ახალი კანონმდებლობა და ახალი განათლებით აღჭურვილი კადრები თავს მოიყრის ახალ ეკონომიკურ კურსში. ეს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ბიზნესგარემოს, შესძენს ჩვენს მეწარმეებს უფრო მეტ თავდაჯერებულობას,“- დასძინა საქართველოს პრეზიდენტმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი