ეკონომიკა

74 ერთეული Toyota Land Cruiser შსს-ს

6 დეკემბერი, 2010 • • 1223
74 ერთეული Toyota Land Cruiser შსს-ს

ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ მიმდინარე ორმხრივი თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს Toyota Land Cruiser LC-78 ტიპის 74 ერთეული ავტომანქანა გადასცა. აღნიშნული ავტომანქანების შეძენა და გადაცემა აშშ-ს და საქართველოს მთავრობას შორის ხელმოწერილი შეთანხმების საფუძველზე მოხდა.

სახელმწიფო ანტინარკოტიკულ და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიურომ 2.8 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების 74 მანქანა შეიძინა, რაც სამართალდამცავებს მაღალმთიან და მიუდგომელ რეგიონებში სამსახურებრივი საქმიანობის უკეთ განხორციელებაში უნდა დაეხმაროს.

ავტომანქანების გადაცემის ცერემონიალს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში ჯონ ბასი ესწრებოდნენ.

თანამშრომლობის პროგრამა ასევე ითვალისწინებს პოლიციის მუშაკთა ტრენინგებს, შსს პოლიციის აკადემიის სხვადასხვა ობიექტების მშენებლობას და საკომუნიკაციო საშუალებების შეძენას.

მასალების გადაბეჭდვის წესი