ეკონომიკა

„რესპუბლიკამ“ HSBC ბანკი საქართველოს საცალო პორტფელი იყიდა

7 დეკემბერი, 2011 • 2119
„რესპუბლიკამ“  HSBC ბანკი საქართველოს საცალო პორტფელი იყიდა

 

„რესპუბლიკა ბანკის“ დირექტორატმა “HSBC ბანკი საქართველოს” საცალო პორტფელის შეძენის შესახებ ოფიციალური განცხადება გააკეთა. HSBC–სთან განხორციელებული ტრანზაქციის  მოცულობის შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე კონფიდენციალური რჩება. HSBC–ის ინფორმაციით, ამ პორტფელის მთლიანი ღირებულება 2011 წლის 23 ნოემბრის მდგომარეობით 4,5 მილიონ დოლარს შეადგენს.

 

ბანკ „რესპუბლიკა“–ს გენერალური დირექტორი კრისტიან კარმანიოლი აცხადებს, რომ  2011 წლის 3 დეკემბრიდან HSBC  ბანკის საქართველოს საცალო კლიენტებს უკვე აქვთ საშუალება, ისარგებლონ ბანკ „რესპუბლიკის“ პროდუქტების სრული ასორტიმენტითა და მაღალი ხარისხის მომსახურებით.

HSBC ბანკის მენეჯმენტმა საქართველოდან ბაზრიდან გასვლის შესახებ გადაწყვეტილება 2011 წლის სექტემბერში მიიღო. როგორც „ნეტგაზეთს“ ბანკ „რესპუბლიკა“–ს პრესსამსახურში განუცხადეს, „ კლიენტების შეუფერხებელი მომსახურების უზრუნველსაყოფად საცალო პორტფელის გადასაცემად მან  საერთაშორისო ჯგუფის წევრი ბანკი „რესპუბლიკა” აირჩია.

ბრიტანული ბანკი HSBC  საქართველოს 2012 წელის დასაწყისში დატოვებს. ამის მიზეზი ბანკის ახალი  სტრატეგიაა. ფინანსური ინსტიტუტი იმ ბაზრებს ტოვებს, სადაც საბანკო საქმიანობის წილი დაბალი აქვს. 2011 წელს ბრიტანული ბანკი რუსეთის და პოლონეთის საცალო ბაზრიდანაც გამოვიდა.

HSBC საქართველომ საბანკო საქმიანობა 2008 წლის ივნისიდან დაიწყო, ხოლო საბანკო ლიცენზია 2007 წელს მოიპოვა. ბანკი ძირითადად კორპორაციულ ბაზარზე იყო წარმოდგენილი.

ბანკი „რესპუბლიკა“  1991 წელს 100 პროცენტი ქართული კაპიტალით დაფუძნდა. 2006 წლის 29 სექტემბერს “სოსიეტე ჟენერალმა” (ევროს მოქმედების ზონაში ერთ-ერთი წამყვანი საბანკო საფინანსო ჯგუფი) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) “რესპუბლიკის” საწესდებო კაპიტალის 70% შეიძინეს. 2009 წელს “სოსიეტე ჟენერალმა” წილი 80%–მდე გაზარდა.

2011 წლის დეკემბრის მონაცემებით,  ბანკ „რესპუბლიკას“  აქციონერები არიან: სოსიეტე ჟენერალი” – 84.04% , ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი – 8.48% ,  ლაშა პაპაშვილი – 7.48%.

საქართველოს საბანკო ბაზარზე ბანკი „რესპუბლიკა“ მეხუთე პოზიციაზეა. ბანკში დასაქმებულია 1000-ზე მეტი ადამიანი. „რესპუბლიკა“  მომხმარებლებს 38 ფილიალისა და სერვისცენტრის  მეშვეობით ემსახურება.

მასალების გადაბეჭდვის წესი