2010 წლის ოქტომბერი, ისევე როგორც წინა თვე, საქართველოს საბანკო სექტორმა მოგებით დაამთავრა. მოგებამ თვის შედეგებით 26,1 მლნ. ლარი, ხოლო წლის დასაწყისიდან 121,4 მლნ. ლარი შეადგინა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2010 წლის 1 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 19 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი, მათ შორის 14 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალი მონაწილეობს, ხოლო 2 – უცხოური ბანკის ფილიალია. წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 0,4%-ით (41,7 მლნ. ლარით) შემცირდა და 9 827,5 მლნ. ლარი შეადგინა, რაც ეროვნული ვალუტის კურსის გამყარებამ გამოიწვია. საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 1 722,8 მლნ. ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 17,5%-ია.
უცხოური კაპიტალის მონაწილეობამ ბანკების მთლიან განაღდებულ საწესდებო კაპიტალში 80,5% შეადგინა.
ხუთი უმსხვილესი აქტივების მქონე ბანკის წილი საბანკო სექტორის მთლიან აქტივებში წინა თვესთან შედარებით 0,3 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 77,7%-ს მიაღწია.