საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა, გიორგი თარგამაძემ პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ საპარლამენტო ფრაქცია “ქრისტიან-დემოკრატები” 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტს მხარს არ დაუჭერენ.
მისი განცხადებით, აღნიშნული შეხვედრა მთავრობასთან მოლაპარაკების ბოლო ეტაპი იყო, რომელიც 2011 წლის საბიუჯეტო განხილვის პროცესებს შეეხებოდა.
უმცირესობის ლიდერმა ბრიფინგზე “ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობის” სახელით საქართველოს პრეზიდენტისადმი მიმართვის განცხადება წაიკითხა, რომელშიც საუბარია ქვეყანაში არსებულ სოციალურ ფონზე, უმუშევრობის მაჩვენებლისა და ქართული ბიზნესის მდგომარეობაზე. მისივე განცხადებით, ქვეყანაში აუცილებელია, გატარდეს გადაუდებელი ღონისძიებები და “ქრისტიან–დემოკრატები” მზად არიან, კონკრეტული წინადადებები წარმოადგინონ ქართული ბიზნესის გადასარჩენად.
“დღეს თუ სახელმწიფო დაკარგავს ბიზნესს, ხვალ აღარ იარსებებს არც სახელმწიფო და აღარც ოპოზიცია. ამიტომ მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს, ადეკვატურად შეაფასოს ქვეყანაში არსებული სიტუაცია და მიიღოს პოლიტიკური გადაწყვეტილება”, – განაცხადა გიორგი თარგამაძემ.