ეკონომიკა

ოპოზიციამ ტრანსპორტის გაძვირებას მხარი არ დაუჭირა

1 დეკემბერი, 2010 • • 1002
ოპოზიციამ ტრანსპორტის გაძვირებას მხარი არ დაუჭირა

მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის გაძვირებას თბილისის საკრებულოში არც ერთმა ოპოზიციურმა ფრაქციამ მხარი არ დაუჭირა.

ფრაქციის “ქრისტიან–დემოკრატების” მდივანმა ზაზა გაბუნიამ მგზავრობის საფასურის გაძვირება ყოვლად გაუმართლებელ ნაბიჯად შეაფასა. მისი თქმით, მერის ცნობილი გამონათქვამი-“ქამრების შემოჭერის’’ შესახებ უშუალოდ მოსახლეობის ბიუჯეტსა და ფინანსურ შესაძლებლობებს შეეხო. იგი ხელისუფლებას არასწორი სოციალური პოლიტიკის გატარებში ადანაშაულებს და მიაჩნია, რომ ტარიფების გაძვირების გადაწყვეტილება სიტუაციას მხოლოდ გაართულებს.

ფრაქციის “დედაქალაქი” წევრის კახა კუკავას განცხადებით, ტრანსპორტზე ფასები არა  10 თეთრით, არამედ ორმაგად იზრდება-” ის, ვისაც ადრე უხდებოდა ტრანსპორტით მგზავრობა და ამისთვის იხდიდა 40 თეთრს, ავტობუსების მარშუტების შემცირების  გამო, ახლა  ორი სხვადასხვა მარშუტით მოუწევს მგზავრობა და გადაიხდის 1 ლარს”, – აღნიშნა  კახა კუკავამ.

დავით საგანელიძის განცხადებით კი, აღნიშნულმა გაძვირებამ მოქალაქეებს,  ფინანსურთან ერთად, კომფორტიცა  და სერვისიც  ერთნაირად გააუარესა.  

ტარიფების ზრდას  თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი თინათინ ხიდაშელიც აპროტესტებს-“ჩემი პროგნოზით, ტრანსპორტის 50 თეთრამდე გაძვირების გარდა, 2011 წლის განმავლობაში  მერია ამ ახალი კომპეტენციის ფარგლებში მეორე და მესამე მგზავრობის ღირებულებასაც გაზრდის”,– აღნიშნა თინათინ ხიდაშელმა. ტრანსპორტის გაძვირებას არც ფრაქციამ “ჩემი თბილისი”დაუჭირა მხარი.  ვიქტორ დოლიძის განცხადებით, იმ სოციალურ ფონზე, რომელიც დღეს საქართველოშია, არ შეიძლებოდა ტრანსპორტის გაძვირება.  

ვიქტორ დოლიძემ დებულებაში მათი ინიციატივით შეტანილ ცვლილებაზეც ისაუბრა, რომელიც თბილისში მყოფ უსინათლოებს შეეხება.”პირველი იანვრიდან უსინათლოების  გამცილებლებს ექნებათ უფასოდ მგზავრობის საშუალება. გარდა ამისა, ჩვენ გვქონდა პროგრამა მცირე და საოჯახო ბიზნესთან დაკავშირებით. როგორც ვნახეთ, ხელისუფლებამ ეს ყველაფერი გათვალისწინა და 5,2 მლნ ლარი გამოიყო ბიუჯეტში”, – განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

მგზავრობის საფასურის გაზრდას მხარი  საკრებულოს უმრავლესობამ დაუჭირა.
ქალაქის მთავრობამ მგზავრობის თანხის გაძვირება უსაფრთხოებისა და კომფორტულობის  გაუმჯობესების აუცილებლობით ახსნა.

”გასაგებია, რომ ეს არის საკმაოდ რთული გადაწყვეტილება. მინდა ავღნიშნო, რომ მათ, ვინც აქამდე   შეღავათებით სარგებლობდა,  კიდევ ერთი კატეგორია დაემატა. ჯამში ჩვენ ვიღებთ 11 კატეგორიას და ეს გაგრძელდება მომავალი წლის ბიუჯეტითაც. მოქალაქეს, რომელიც  მუნიციპალური ტრანსპორტით დღეში რამდენჯერმე მგზავრობს, მეორე და მესამე ჯერზე მგზავრობის საფასური არ უძვირდება. ამასთან, მატულობს შეღავათების მქონე ადამიანთა რიცხვიც. ასე რომ, იმედი მაქვს, თბილისელები სწორად გაიგებენ და შეაფასებენ ამ გადაწყვეტილების მიზანშეწონილობას”,-აღნიშნა კოკი იონათამიშვილმა.

“როგორც მოსალოდნელი იყო, სხდომა ემოციურად წარიმართა და ეს ბუნებრივიცაა. ჩვენი ოპონენტები ცდილობდნენ ხან არგუმენტირებულად, ხან არგუმენტების გარეშე, ემოციებით გასულიყვნენ ფონს, მაგრამ რაკი ტრანსპორტის სამსახურის მიერ წარმოდგენილი პროექტი   ძალიან ზუსტ გათვლებზე იყო დამყარებული, უმრავლესობამ საჭიროდ ჩავთვალეთ, მიგვეღო აღნიშნული გადაწყვეტილება. ხელისუფლებამ   ჩვენი მოქალაქეების წინაშე პასუხისმგებლობა ავიღეთ, თუმცა, მათთვის კარგადაა ცნობილი, რომ ზოგჯერ  შესაძლოა,  ამ ეტაპზე არაპოპულარული გადაწყვეტილების მიღებაც მოგვიხდეს, რაც, დარწმუნებული ვარ, მომავალში ქალაქისა და ტრანსპორტის განვითარებას სასიკეთოდ წაადგება”,– აღნიშნა საკრებულოს თავმჯდომარემ ზაალ სამადაშვილმა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი