პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ზუგდიდი-ანაკლიის აეროპორტის მშენებლობა დაათვალიერა, რომელიც ანაკლიის ახალ ტურისტულ ზონას მოემსახურება.
„ფოთის საერთაშორისო აეროპორტი ყველაზე დიდი ქართული აეროპორტი იქნება, რომლის მშენებლობა, იმედი მაქვს, 2012 წელს დასრულდება. ის მოემსახურება ბათუმს, მესტიას, ანაკლიას და, რა თქმა უნდა, ნაწილობრივ ქუთაისსაც. ანაკლიის აეროპორტს ადგილობრივი მნიშვნელობა აქვს, რადგან ეს არის დიდი ტურისტული ზონა. ჯერ ერთი, უნდა გაკეთდეს ერთობლივი მარშრუტები, ანაკლია-მესტია. იფრენენ პროპელერიანი თვითმფრინავები, რომელშიც 20 -30 მგზავრი მოთავსდება. ასევე იქნება ზუგდიდის აეროპორტი, საიდანაც ზუგდიდელები იფრენენ თბილისში ან რამდენიმეკილომეტრიანი რადიუსის სხვა ადგილებში. ამას გარდა, გაკეთდება პატარ-პატარა ტურისტული ჩარტერები,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.