საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი თბილისში მიმდინარე ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოვიდა. ვერა ქობალიამ საქართველოში ბოლო წლებში განხორციელებულ ეკონომიკურ რეფორმებსა და ამ კუთხით დაგეგმილ სამომავლო პრესპექტივებზე ისაუბრა.
ორდღიანი კონფერენცია საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის, მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის მიერ არის ორგანიზებული და რეგიონში ბიზნესგარემოს გაუმჯობესების საკითხებს ეძღვნება. კონფერენციაში აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის 30 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობს, მათ შორის, მთავრობის პირველი პირები.
როგორც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ამდენი ქვეყნის ვიცე-პრემიერები და ფინანსთა მინისტრები ჩამოვიდნენ საქართველოში, რათა ჩვენი გამოცდილება გაიზიარონ და შეისწავლონ საქართველოში განხორცილებული რეფორმები. ამასთან, ვერა ქობალიას განცხადებით, რეფორმები მომავალშიც უნდა გაგრძელდეს, რადგან საქართველოს ხელისუფლებას კიდევ ბევრი აქვს გასაკეთებელი დასაქმების კუთხით, მცირე და საშუალო ბიზნესისა და ინდუსტრიული ზონების განვითარებისთვის.