რუსეთი და პოლონეთი მაღალსიჩქარიანი სარკინიგზო მომსახურების გაძლიერების სფეროში თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ რუსეთის ტრანსპორტის მინისტრმა, იგორ ლევიტინმა პოლონეთის ინფრასტრუქტურის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
აღნიშნული გადაწყვეტილება არ მოიცავს რაიმე კონკრეტულ შეთანხმებას, რადგან მხარეებმა აღნიშნულ სფეროში მხოლოდ თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს – განაცხადა რუსეთის ტრანსპორტის მინისტრის პრესსამსახურმა.
„როგორც მთავრობათაშორისი კომისიის თანათავმჯდომარეებმა ეკონომიკური თანამშრომლობის სფეროში, ჩვენ მოლაპარაკებები გავმართეთ სტრუქტურის რეგულაციის თაობაზე, რომელსაც პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი ხელს პოლონეთში ვიზიტის დროს მოაწერს“ – განაცხდა ლევიტინმა და დასძინა, რომ თანამშრომლობა ყველა სფეროს მოიცავს, მათ შორის, საზღვაო ტრანსპორტს და ბრძოლას ბალტიის ზღვის დაბინძურების წინააღმდეგ.
„ჩვენ განვიხილეთ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის შესაძლებლობები ენერგეტიკის, ეკონომიკური მოდერნიზაციისა და ინვესტიციების სფეროში, აგრეთვე, შევთანხმდით, რომ ხელს მოვაწერთ მემორანდუმს, რომელიც დაიცავს მგზავრებს და უზრუნველყოფს მათ ტრანსპორტირებას ისეთი შემთხვევების დროს, როგორიცაა ვულკანის ამოფრქვევა, რომელმაც დაბლოკა საჰაერო მიმოსვლა“-განაცხადა მინისტრმა.
გარდა ამისა, რუსეთმა პოლონეთის ავიაკომპანია LOT-ს ნება დართო, განახორციელოს ფრენები ვიეტნამში რუსეთის საჰაერო სივრცის გამოყენებით.
რუსეთის პრეზიდენტის პრესსამსახურის განცხადებით, მედვედევი პოლონეთში ვიზიტს წლის ბოლომდე გეგმავს.
რუსეთ-პოლონეთის კომისიის მორიგი შეხვედრა ეკონომიკური თანამშრომლობის სფეროში კრაკოვში 2011 წლის მარტში ან აპრილში გაიმართება.