საქართველოში ანალოგური ტელერადიო მაუწყებლობიდან ციფრულ ტელერადიო მაუწყებლობაზე გადასვლის აქტუალური საკითხების განხილვა სასტუმრო “ქორთიარდ მერიოტში” ორდღიანი კონფერენციის ფარგლებში მიმდინარეობს.
ტელეკომუნიკაციათა საერთაშორისო კავშირის (ITU) და ევროკავშირის შესაბამისი გადაწყვეტილებებით, ევროპის ქვეყნებში (მათ შორის საქართველოში) 2015 წლამდე უნდა განხორციელდეს საეთერო ანალოგური ტელერადიო მაუწყებლობიდან ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა. ციფრული მაუწყებლობა წარმოადგენს: მედია პლურალიზმის და მრავალფეროვნების, მაუწყებლობის სფეროში ინვესტიციების მოზიდვის და კონკურენციის განვითარების, ახალი სამაუწყებლო კომპანიების და პროგრამების, ახალი სამუშაო ადგილების შექმნის, ევროპულ სამაუწყებლო სივრცეში ინტეგრირების საშუალებას.
კონფერენცია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და ევროპის კომისიის ტექნიკური დახმარებისა და ინფორმაციის გაცვლის პროექტის (TAIEX) ორგანიზებით იმართება და მისი მიზანი ევროპის ქვეყნების გამოცდილების გაზიარებაა. ორდღიანი კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას იღებენ და მოხსენებით გამოდიან ევროპის წამყვანი ექსპერტები.