ეკონომიკა

ფრაქცია „ჩვენი თბილისის“ პროტესტი და თამაზ შოშიაშვილის გამოხმაურება

29 ნოემბერი, 2010 • • 1357
ფრაქცია „ჩვენი თბილისის“ პროტესტი და თამაზ შოშიაშვილის გამოხმაურება

დღეს საკრებულოში ფრაქციამ „ჩვენი თბილისი“ პრესკონფერენცია გამართა. ფრაქციის წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, რომ ისინი უერთდებიან ქალაქის მერის გიგი უგულავას პროტესტს წყლის ტარიფის გაძვირებასთან დაკავშირებით და მოუწოდებენ საკრებულოს “ნაციონალური მოძრაობის” უმრავლესობას, დღევანდელ სხდომაზე გამოაცხადონ საგადასახადო დაუმორჩილებლობა წყლის ტარიფის ხელოვნურ და დაუსაბუთებელ ზრდასთან დაკავშირებით.

მან ასევე პროტესტი გამოთქვა ტრანსპორტის 10 თეთრით მოსალოდნელ გაძვირებასთან დაკავშირებით. როგორც ზურაბ აბაშიძემ აღნიშნა, თუკი საკრებულო დღევანდელ სხდომაზე ტრანსპორტის საფასურის გაძვირებას მხარს დაუჭერს, მგზავრობა სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისათვისაც 5 თეთრით გაიზრდება.

“საქალაქო ტრანსპორტის 10 თეთრით გაძვირება სოციალური ფონის ფეთქებადსაშიში მდგომარეობის შემქმნელია, “თავისუფალი–დემოკრატები’’  ხელისუფლებას დაახლოებით 600 000 თანამოქალაქისთვის უფასო მგზავრობის წესის დაკანონებას და საქალაქო ტრანსპორტის ხელოვნური მომგებიანობის გაუმართლებელი მექანიზმის დაკანონებაზე უარის თქმას ვთავაზობთ”, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

დღესვე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ მიმდინარე წლის ბიუჯეტზე ისაუბრა. ზურაბ აბაშიძის განცხადებით, დედაქალაქის 2010 წლის 9 თვის ბიუჯეტი 92%-ით შესრულდა,  რაც ნიშნავს, რომ დედაქალაქის ბიუჯეტმა 37 მილიონი ლარის ოდენობის გრანტი ფედერალური ბიუჯეტიდან ვერ მიიღო. მისივე თქმით,  ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების ხარჯები 9 თვეში  9 მილიონი ლარითაა შემცირებული.

ფრაქციის “ჩვენი თბილისი” წევრმა ვიქტორ დოლიძემ კი დღევანდელ ბრიფინგზე სიღარიბის ზღვარზე მყოფ ადამიანთა მდგომარეობაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, სიღარიბის ზღვარზე მყოფ ადამიანთა ყოფა კიდევ უფრო მძიმდება – ბოლო ორ თვეში 6500 ადამიანს გაუგებარი მოტივაციით შეუწყვიტეს დღეში 72– თეთრიანი შემწეობაც.

ფრაქციის “ჩვენი თბილისის” წევრების განცხადებას, რომლის მიხედვითაც, თბილისის ბიუჯეტმა მიმდინარე წლის 9 თვის მონაცემებით, ცენტრალური ბიუჯეტიდან 37 მილიონი ლარის გრანტი ვერ მიიღო,  თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე თამაზ შოშიაშვილი უსაფუძვლოს უწოდებს. მისი განცხადებით, დედაქალაქის ბიუჯეტს როგორც 9 თვის, ასევე 10 თვის განმავლობაში დაფინანსების კუთხით არანაირი პრობლემა არ შექმნია.

“მინდა ავღნიშნო, რომ 9 თვის შესრულება არ გახლავთ მთლიანად წლის ბიუჯეტის შესრულება. ეს არის მიმდინარე პროცესი. რაც შეეხება ფედერალური ბიუჯეტიდან გამოყოფილ ტრანშს, მისი გამოყოფა მოხდა კალენდარული თვის დასრულების შემდეგ. აქედან გამომდინარე, 37 მილიონის კლება დედაქალაქის ბიუჯეტში არ შეესაბამება რეალობას. ასევე არ ვეთანხმები ჩვენი ოპონენტების განცხადებას, რომ 2010 წლის ბიუჯეტში შემცირდა როგორც ჯანდაცვის, ასევე სოციალური პროგრამების დაფინანსება. მინდა შევეხო სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მოქალაქეთა ბაზაზე გაკეთებულ განცხადებებსაც და ავღნიშნო, რომ ეს არის ცოცხალი პროცესი, რომელიც მუდმივად მიმდინარეობს. ჯანდაცვის სამინისტრო გადამოწმების პროცესს ახორციელებს. რაც შეეხება 6500 ადამიანს, ამ ციფრებს ჩვენ ვერც დავადასტურებთ და ვერც ვუარყობთ, რადგან სოციალური სააგენტოს განცხადებით, შესაბამისი ციფრები არ შეესაბამება სიმართლეს”,- განაცხადა თამაზ შოშიაშვილმა.  

მასალების გადაბეჭდვის წესი