ეკონომიკა

ვთხოვოთ ხელისუფლებას, რომ კიდევ გაგვიძვიროს რამე

29 ნოემბერი, 2010 • • 1168
ვთხოვოთ ხელისუფლებას, რომ კიდევ გაგვიძვიროს რამე

სუსტად იქცევა ხელისუფლება, სუსტად იქცევა იმიტომ,  რომ არასაკმარისად აძვირებს ტრანსპორტს, პარკირებასა და წყალს. გამპროტესტებელი არავინაა, ბიუჯეტს კი მეტი შემოსავლები სჭირდება, ამიტომ საჭიროა ყველაფერი კიდევ უფრო მეტად გაძვირდეს. გამომდინარე აღნიშნულიდან, მგონი, დროა, ყველამ ერთად ვთხოვოთ ხელისუფლებას, რომ კიდევ გაგვიძვიროს რამე.

2009 წელს თბილისის მერი “ძალიან გაუბრაზდა” კომპანია „სითი პარკს“ და შედეგად “შვებით ამოისუნთქეს” ავტომობილების მძღოლებმა –  იმაში, რაშიც ფულს საერთოდ არ იხდიდნენ, სრულიად დაუსაბუთებლად მხოლოდ 25 ლარის გადახდა მოუწევდათ.

2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ უკვე ოქტომბრის თვეში თბილისის მერიამ დააკმაყოფილა კომპანია „სითი პარკის“ სურვილი და ავტოპარკირების საფასური 50 ლარამდე გაზარდა. პროტესტი გამოხატეს ლეიბორისტებმა, მაგრამ მძღოლები მათ გვერდით ხომ არ დადგებოდნენ?

წყლის ტარიფი 75 თეთრით იზრდება. ხალხი დუმს, ოპოზიცია წვალობს, ხელისუფლება მშვიდად იღებს გადაწყვეტილებებს. მოსახლეობის ერთი ნაწილი კი დუმილთან ერთად ბედნიერია, ბედნიერია იმიტომ, რომ წყალი გრაფიკით აქვს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ გადასახადი მისთვის არ იზრდება. ოპოზიციამ აქაც იწვალა.

საქალაქო ტრანსპორტის, ავტობუსებისა და მეტროს ფასი იზრდება. ხელისუფლების აზრით, ამით ტრანსპორტი უფრო მეტად კომფორტული გახდება. ოპოზიცია ამ ყველაფერს ხელისუფლების მხრიდან ხალხის წინააღმდეგ ჩადენილ მორიგ “დანაშაულს” უწოდებს. ის ხალხი კი, ვის წინააღმდეგაც ხელისუფლება მორიგ “დანაშაულს” ჩადის, ძალიან მშვიდად ადევნებს თვალყურს მოვლენებს. თუმცა რატომ მშვიდად? აპროტესტებს ტელევიზორის წინ ოჯახის წევრებთან და გადის უფრო ფართო ასპარეზზეც – ეზოში!

2010 წლის ოქტომბრის თვეში “ლიბერალურ პოლიტიკურ კლუბს” სადისკუსიო შეხვედრაზე ეწვია შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი პოლონეთში ბატონი ვიქტორ ეში. ბატონი ეში ელჩობამდე შტატების ერთ-ერთ პატარა ქალაქში ოთხგზის მერი იყო. დისკუსიის ერთ-ერთმა მონაწილემ მას შეკითხვა დაუსვა, თუ როგორ ხდებოდა მის ქალაქში, მაგალითად, ავტოპარკირების საფასურის ზრდა. ვიქტორ ეშმა საკმაოდ გრძელი პროცედურები ჩამოთვალა. მონაწილის ნათქვამზე კი, რომ „სითი პარკის“ მოთხოვნა მერიამ რამოდენიმე საათში დააკმაყოფილა და კითხვაზე, თუ რამდენად სამართლიანი იყო ეს, ყოფილმა ელჩმა კითხვითვე უპასუხა, – გააპროტესტა ეს ვინმემ?

რა თქმა უნდა, არავინ არაფერს კონკრეტულს ამ ქვეყანაში არ აპროტესტებს. პროტესტი ჩვენთან მხოლოდ უმაღლეს მიზნებს შეეხება. “ნიჭიერი, მაგრამ ზარმაცი” ქართველები “მცირე” პროტესტებზე ხომ არ დახარჯავენ ენერგიას? წინ ხომ ახალი ვადების დათქმის დროა, როცა საქართველოს “გათავისუფლება” უნდა დაიწყოს?

სუსტად იქცევა ხელისუფლება, სუსტად იქცევა იმიტომ,  რომ არასაკმარისად აძვირებს ტრანსპორტს, პარკირებასა და წყალს. გამპროტესტებელი არავინაა, ბიუჯეტს კი მეტი შემოსავლები სჭირდება, ამიტომ საჭიროა ყველაფერი კიდევ უფრო მეტად გაძვირდეს. გამომდინარე აღნიშნულიდან, მგონი, დროა ყველამ ერთად ვთხოვოთ ხელისუფლებას, რომ კიდევ გაგვიძვიროს რამე.

თბილისის საკრებულოში კი მოვლენები ასე ვითარდებოდა:

“ქრისტიან-დემოკრატიული ფრაქციის“ თავმჯდომარე ინგა გრიგოლია საქალაქო ტრანსპორტზე ფასების ზრდის საკითხს დღეს გამართული ბრიფინგით გამოეხმაურა. „მოვუწოდებთ ნაციონალური მოძრაობის თითოეულ წარმომადგენელს, ვინც დღეს მონაწილეობას მიიღებს თბილისის საკრებულოს სხდომაში, იქნებ გეფიქრათ და თავადვე ჩაგეგდოთ მერიის მიერ წარმოდგენილი ინიციატივა და თავადვე უთხრათ თქვენს მთავრობას უარი, რომ არ  მოხდეს მგზავრობის საფასურის გაძვირება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ “ქრისტიან – დემოკრატები’’ ამ ფაქტს საკუთარი ხალხის წინაშე ხელისუფლების მიერ ჩადენილ კიდევ ერთ მორიგ დანაშაულად შევაფასებთ”,- განაცხადა ინგა გრიგოლიამ. 

ტრასპორტსა და წყალზე ფასების მატებას  თბილისის საკრებულოს რესპუბლიკელი  წევრი  თინა ხიდაშელიც გამოეხმაურა და წყლის ტარიფის ზრდა დღეს გამართულ ბრიფინგზე გააპროტესტა. მან წყლის პრივატიზაციის დროს ტენდერის კორუფციულ ხასიათზეც ისაუბრა.

“აღნიშნული ტენდერის შედეგებს რესპუბლიკელები მისი გამოცხადების დღიდანვე ვაპროტესტებდით, ხოლო საკრებულოში შესვლის შემდეგ გამოძიებაც დავიწყეთ. ჩვენ თბილისის მერიის წინააღმდეგ სასამართლო დავასაც ვაწარმოებთ, რათა აღნიშნულ კორუფციულ სქემას უახლოეს მომავალში ნათელი მოეფინოს”,- აღნიშნა თინა ხიდაშელმა.

მისივე თქმით, რესპუბლიკელების მიერ მოძიებული ინფორმაციით უკვე დადასტურდა, რომ თბილისის წყლის დღევანდელმა მფლობელმა ქვეყანას მის კონკურენტებთან შედარებით 35 მილიონით ნაკლების თანხა შესთავაზა, ხოლო რაც შეეხება ტარიფს, 5 წლის მანძილზე უცვლელობის პირობა უკვე დაირღვა. თინა ხიდაშელის თქმით, სოციალურად დაუცველთათვის წყლის გადასახადის ნახევრის დაფარვის ხარჯები ბიუჯეტით გათვალისწინებული არაა.

დღევანდელ ბრიფინგზე თინა ხიდაშელი მუნიციპალური ტრანსპორტის გაძვირების თემასაც შეეხო და აღნიშნა, რომ ქალაქის ხელისუფლებამ „რესპუბლიკელების“ შეთავაზება ერთი მიმართულებით 2 ან მეტი ავტობუსით მგზავრობის თაობაზე,
მსოფლიოში დამკვიდრებული პრაქტიკის ანალოგიურად, ერთი ბილეთით მგზავრობის შემოღების შესახებ არ გაითვალისწინა, რამაც  თბლისელებისათვის მგზავრობა ორჯერ გააძვირა.

საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის საფასურის 10 თეთრით გაზრდის საკითხი უნდა გადაწყდეს. პროექტი საკრებულოში განსახილველად დედაქალაქის მთავრობამ შეიტანა. საკითხის დამტკიცების შემთხვევაში, მგზავრობის საფასური საქალაქო ტრანსპორტზე 50 თეთრი გახდება. საკრებულოს სხდომა ჯერ კიდევ არ დასრულებულა.

მასალების გადაბეჭდვის წესი