საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარემ ნინო თევდორაძემ წყლის ტარიფის მატების შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ წყლის ტარიფის გაზრდა მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილება იყო, რომელიც მან კანონმდებლობის შესაბამისად მიიღო, ხოლო დედაქალაქის მერიასა და საკრებულოს ამ შემთხვევაში წინააღმდეგობის გაწევის ბერკეტი არ გააჩნიათ.
“თუმცა, ამავე კომისიამ გაითვალისწინა თბილისის მერის გიგი უგულავას წინადადება, რომლის თანახმად, წყლის გადასახადი იმ აბონენტებს არ გაუძვირდებათ, რომლებსაც წყალი შეზღუდვით, ანუ გრაფიკით მიეწოდებათ. ხოლო რაც შეეხება სოციალურად დაუცველ ოჯახებს, გადასახადის 50%-ს, მათ ისევ დედაქალაქის მერია დაუფინანსებს”-განაცხადა ნინო თევდორაძემ.
მისივე თქმით, უახლოესი 5 წლის მანძილზე წყლის ტარიფის ზრდა მოსალოდნელი არ არის, ხოლო 2012 წლისთვის დედაქალაქის ყველა უბნის მაცხოვრებლები 24– საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებენ.