ეკონომიკა

85 მილიარდი ევრო ირლანდიას – ევროკავშირისგან

29 ნოემბერი, 2010 • • 1161
85 მილიარდი ევრო ირლანდიას – ევროკავშირისგან

ევროკავშირის ქვეყნების ფინანსთა მინისტრებმა ირლანდიას 85 მილიარდი ევროს ოდენობის  სესხი დაუმტკიცეს. ბრიუსელში სპეციალურად გამართულ შეხვედრაზე ფინანსთა მინისტრებმა ირლანდიას სესხი ევროკავშირისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ერთობლივ რესურსებზე დაყრდნობით გამოუყვეს იმ პირობით, რომ ირლანდია შემდგომში მკაცრ ღონისძიებებს გაატარებს არსებული ეკონომიკური  პრობლემების აღმოსაფხვრელად.

ირლანდია 17.5 მილიარდით საკუთარი საპენსიო ფონდიდან იქნება უზრუნველყოფილი, დანარჩენი 67.5 მილიარდს რაც შეეხება, აქედან 22.5 მილიარდს საერთაშორისო სავალუტო ფონდი გამოყოფს, 22.5 მილიარდს – ევროკავშირის ფონდი, 22.5 მილიარდი ევროპული ფინანსური სტაბილურობის მექანიზმის დაწესებულებიდან გამოიყოფა, პლიუს ორმხრივი სესხები გაერთიანებული სამეფოდან, დანიიდან და შვედეთიდან. გაერთიანებული სამეფო გამოყოფს სესხს 4.8 მილიარდი ევროს ოდენობით, შვედეთი – 598 მილიონ ევროს, ხოლო დანია – 393 მილიონ ევროს.

ოლი რენმა, ევროკომისარმა ეკონომიკური და მონეტარული პოლიტიკის საკითხებში, განაცხადა, რომ სესხი შეფასებული იქნება საერთაშორისო სავალუტო ფონდის სტანდარტული მეთოდებით, მისი განცხადებით, საპროცენტო განაკვეთი დაახლოებით 6%-ს შეადგენს.

რენის თქმით, გადარჩენის გეგმაში შედის ქვეყნის საბანკო სექტორის დაუყონებლივი აღდგენა, ფისკალური პოლიტიკის რეგულირება და სტრუქტურული რეფორმები ეკონომიკური ზრდის აღსადგენად, განსაკუთრებით შრომის ბაზარზე.   

ფინანსური პაკეტიდან 10 მილიარდი გათვალისწინებულია სასწრაფო რეკაპიტალიზაციისთვის, 25 მილიარდი ბანკების მხარდაჭერისთვის და 50 მილიარდი ბიუჯეტის დაფინანსებისთვის.

ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრმა, ჟან კლოდ იუნკერმა, რომელმაც ევროზონის ფინანსთა მინისტრებთან გამართა შეხვედრები, განაცხადა, რომ მინისტრები შეთანხმდნენ ევროკომისიასთან და ევროპის ცენტრალურ ბანკთან იმის თაობაზე, რომ ირლანდიისთვის სესხის გამოყოფა უზრუნველყოფს ევროზონასა და ევროკავშირში ფინანსური სტაბულირობის დაცვას.

მასალების გადაბეჭდვის წესი