ეკონომიკა

„ქრისტიან-დემოკრატების“ პროტესტი ტრანსპორტის გაძვირებაზე

28 ნოემბერი, 2010 • • 1137
„ქრისტიან-დემოკრატების“ პროტესტი ტრანსპორტის გაძვირებაზე

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს, ფრაქცია „ქრისტიან-დემოკრატების“ წევრს, ჯაბა სამუშიას საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ფასების ზრდა დაუშვებლად მიაჩნია. მისი თქმით, დღევანდელი სოციალური პირობებიდან  გამომდინარე, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ფასების ზრდა ყველა ტრანსპორტის ტარიფის გაზრდაზე აისახება.

“მიუხედავად იმისა, რომ ქალაქის მთავრობა მგზავრობის ტარიფის შენარჩუნებას გვპირდებოდა,  დაპირება დაპირებად დარჩა. მთავრობამ მუნიციპალურ ტრანსპორტზე ტარიფი 25%-ით გაზარდა, რამაც პირდაპირი და არაპირდაპირი ფასების ზრდა გამოიწვია“. – აღნიშნა ჯაბა სამუშიამ. 

მისივე განცხადებით,  “ქრისტიან-დემოკრატები” დედაქალაქის მერის მოადგილეს, დავით ალავიძეს და ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელს აკაკი ჯოხაძეს შეხვდებიან და არსებულ პრობლემებზე იმსჯელებენ.

როგორც ჯაბა სამუშიამ აღნიშნა, “ქრისტიან-დემოკრატები”  ქალაქის ხელისუფლებისგან  მუნიციპალურ ტრანსპორტზე მგზავრობის საფასურის გაძვირების შესახებ პროექტის უკან წაღებას მოითხოვენ, რომელსაც საკრებულოში 29 ნოემბერის სხდომაზე განიხილავენ. მისივე განცხადებით, მგზავრობის საფასურის 10 თეთრით გაძვირების შემთხვევაში, ფრაქციის წევრები ქალაქის ხელმძღვანელობას  მგზავრებისთვის მეორე და შემდგომი გავლების ტარიფის დაკლებას შესთავაზებენ.  

მასალების გადაბეჭდვის წესი