ეკონომიკა

მედიის შეხვედრები ბაინდურაშვილთან

28 ნოემბერი, 2010 • • 1167
მედიის  შეხვედრები ბაინდურაშვილთან

ყოველ პარასკევს ფინანსთა მინისტრი კახა ბაინდურაშვილი მედიასთან შეხვედრებს გამართავს. ახალი ინიციატივის ფარგლებში მისი პირველი პრესკონფერენცია მიმდინარე წლის 26 ნოემბერს შედგა. კახა ბაინდურაშვილის თქმით, 2009 წლის ფინანსური კრიზისის შედეგად წარმოშობილი ყველა მოსალოდნელი რისკი  გათვალისწინებულია  და ამ მხრივ ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებს არანაირი საფრთხე აღარ ემუქრება.

„კიდევ ერთი დადებითი ფაქტორი არის ის, რომ ხაზინის დეპოზიტებმა მაქსიმალურ ზღვარს, ერთ მილიარდ ლარს მიაღწია, რაც რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია საქართველოს ისტორიაში. ხაზინის თავისუფალი დეპოზიტები, რომელიც ხაზინას უბრუნდება შემოსავლების შედეგად, მათ შორის, ჭარბი შემოსავლების შედეგად, როგორც წესი, არ აღემატებოდა 400 მილიონ ლარს. 15 ნოემბრისთვის კი ამ მაჩვენებლმა ერთ მილიარდ ლარს გადააჭარბა,“ – განაცხადა მინისტრმა.

პრესკონფერენციაზე მინისტრმა ბიზნესზე ადმინისტრაციული წნეხის შემცირების დადებით დინამიკაზეც  ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ მიმდინარე წლის 10 თვეში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საგადასახადო ტვირთი საგრძნობლად შემცირდა. მინისტრმა მაგალითად საკონტროლო შესყიდვების შედეგად გამოვლენილი დარღვევების სტატისტიკა წარმოადგინა: გასული წლის 10 თვეში საკონტროლო შესყიდვების შედეგად  შემოწმებულ გადამხდელთა 60% დაჯარიმდა, ხოლო 2010 წლის იგივე პერიოდში მხოლოდ 10%-ი.

მასალების გადაბეჭდვის წესი