ეკონომიკა

დაკავებულია ნავთობის უკანონოდ მომპოვებელთა ჯგუფი

26 ნოემბერი, 2010 •
დაკავებულია ნავთობის უკანონოდ მომპოვებელთა ჯგუფი

ოპერატიული-სამძებრო ღონისძიების შედეგად ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ორგანიზებულ-დანაშაულებრივი ჯგუფის შვიდი წევრი: გიორგი ცხვარიაშვილი, დავით სუხაშვილი, დავით ონაშვილი, ლევან არჩუაძე, ზაქარია ჯარიაშვილი,  ბექა ბექაური და ავთანდილ ბერძენიშვილი დააკავეს. 

დამნაშავეები რამდენიმე თვის განმავლობაში საგარეჯოს რაიონის სოფელ პატარძეულის ტერიტორიაზე არსებულ შპს „კანარგო ჯორჯიას“ კუთვნილი ნავთობის რეზერვუარიდან ნედლ ნავთობს უკანონოდ მოიპოვებდნენ და პატარძეულშივე, დავით სუხაშვილის საცხოვრებელი სახლის ეზოში კუსტარულად მოწყობილ საამქროში  ამუშავებდნენ.  შესაბამისად, საწვავიც მდარე ხარისხის იყო.  გამოხდილ დიზელს ბექა ბექური სხვადასხვა ბენზინგასამართ სადგურებზე აბარებდა და მიღებულ თანხას  თავის თანამზრახველებს წილებად გადასცემდა.

აღსანიშნავია, რომ სულ 2010 წლის ივლის-ნოემბრის თვეში ორგანიზებულ-დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა ათეულობით ტონა ნედლი ნავთობი უკანონოდ მოიპოვეს და გადაამუშავეს. აღნიშნულმა დანაშაულმა შპს „კანარგო ჯორჯიას“ დიდი ზიანი მიაყენა. შესაბამისად, ბრალდებულთა მიერ უკანონოდ მიღებულმა შემოსავალმა სოლიდური თანხა შეადგინა, რომლის ოდენობასაც საბოლოოდ ძიება დაადგენს.

მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე და 177-ე მუხლებით, რაც ითვალსიწინებს თავისუფლების აღკვეთას  სამიდან ხუთ წლამდე და ექვსიდან ათ წლამდე ვადით.

მასალების გადაბეჭდვის წესი