ეკონომიკა

შემოსავლების სამსახურმა ტოტალიზატორებში დარღვევები აღმოაჩინა

25 ნოემბერი, 2010 • • 1267
შემოსავლების სამსახურმა ტოტალიზატორებში დარღვევები აღმოაჩინა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ ვასილ გედევანიშვილმა ბრიფინგი გამართა. მისი განცხადებით, შემოსავლების სამსახურმა  ერთი კვირის განმავლობაში 136 ტოტალიზატორი შეამოწმა და დიდი რაოდენობით გადასახადების დამალვის ფაქტი გამოავლინა, კერძოდ, ტოტალიზატორების ერთობლივმა შემოსავალმა კვირის განმავლობაში 280 მილიონი ლარი შეადგინა, ხოლო მათ მიერ მხოლოდ 47 მილიონი ლარი იქნა დეკლარირებული. აღნიშნულმა ფაქტმა სახელმწიფო ბიუჯეტს ათობით მილიონი ლარის ზარალი მიაყენა. ვასილ გედევანიშვილის თქმით, ტოტალიზატორებში არ ხდებოდა ბილეთებისა და შემოსავლების სრული აღრიცხვა.

ვასილ გედევანიშვილის განცხადებით,  საქართველოს მოქალაქეებმა აღნიშნულ პერიოდში ტოტალიზატორებში 200 მილიონ ლარზე მეტი წააგეს. შემოწმების სახით ასევე გამოვლინდა სამართალდარღვევის სხვადასხვა ფაქტი, როგორებიცაა ე.წ. ”პოსლეზე თამაში” და ”ხელზე გამაზვის” ფაქტები, რაც შესაბამისი ჩანაწერებით დასტურდება. წაგებული თანხების ამოღება ხდებოდა  ”ქუჩური გარჩევებით”, რომელშიც მონაწილეობდნენ ე.წ. კრიმინალური ავტორები, რაც, თავის მხრივ, დანაშაულებრივ ქმედებას წარმოადგენს.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მუშაობას განაგრძობს აღნიშნულ ძიებაზე, რათა შემდგომში, ვასილ გედევანიშვილის თქმით,  ქვეყნის მოქალაქეების ინტერესები დაცული იქნეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი