ეკონომიკა

საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 5 230,3 მლნ აშშ დოლარია

25 ნოემბერი, 2010 • • 1061
საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 5 230,3 მლნ აშშ დოლარია

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2010 წლის იანვარ-ოქტომბერში, საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 5 230,3 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 18%-ით აღემატება. აქედან, ექსპორტი 1 227,6 მლნ. აშშ დოლარია, ხოლო იმპორტი – 4 002,7 მლნ. აშშ დოლარი.

2010 წლის იანვარ-ოქტომბერში ექსპორტი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 33%-ითაა გაზრდილი, ხოლო იმპორტი –14%-ით.

პროდუქციის ექსპორტში წამყვანი ადგილი ფეროშენადნობებს უკავია. 2010 წლის იანვარ-ოქტომბერში ექსპორტირებულ იქნა 200,9 მლნ. აშშ დოლარის ფეროშენადნობები, რაც მთლიანი ექსპორტის 16,4%-ს შეადგენს.

ექსპორტში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია, აგრეთვე, მსუბუქ ავტომობილებს (14,5%), შავი ლითონების ჯართს (7,2%), ოქროს (5,0%), სპილენძის მადნებსა და კონცენტრატებს (5,0%), აზოტოვან სასუქებს (4,5%), თხილს და სხვა კაკალს (3,6%), ეთილის სპირტსა და სპირტიან სასმელებს (3,4%), სპილენძის ჯართს (2,7%), ელექტროენერგიას (2,6%).

2010 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოს იმპორტში მნიშვნელოვანი პოზიციები უკავია ნავთობსა და ნავთობპროდუქტებს, რაც მთლიანი იმპორტის 13,5%-ს შეადგენს, მსუბუქ ავტომობილებს (6,5%), სამკურნალო საშუალებებს (3,7%), ხორბალს (3,3%), ნახშირწყალბადებს (2,4%), სატელეფონო აპარატებს (ფიჭური და სხვა უსადენო ქსელებისათვის) (2,1%), შაქარს (1,8%), სიგარეტებს (1,6%).

მასალების გადაბეჭდვის წესი