ეკონომიკა

ვინ და რატომ არ დაუჭირა მხარი დედაქალაქის 2011 წლის ბიუჯეტს

22 ნოემბერი, 2010 • • 1024
ვინ და რატომ არ დაუჭირა მხარი დედაქალაქის 2011 წლის ბიუჯეტს

თბილისის მომავალი წლის ბიუჯეტს საკრებულოს სხდომაზე მხარი 38-მა წევრმა დაუჭირა, მათ შორის ფრაქცია „დედაქალაქი“-ს წევრებმა, კობა დავითაშვილმა და კახა კუკავამ, ხოლო წინააღმდეგი მხოლოდ 7 იყო. აღნიშნული პროექტი დედაქალაქის მერმა გიგი უგულავამ წარადგინა. საკრებულოს სხდომაზე ყველა ფრაქციის თავმჯდომარეს ჰქონდა შესაძლებლობა, დაეფიქსირებინა საკუთარი მოსაზრება 2011 წლის  თბილისის ბიუჯეტის  პროექტის შესახებ.

ფრაქციების „ქრისტიან-დემოკრატებისა“ და „ჩვენი თბილისი“-ს განცხადებით, მათ მიერ ბიუჯეტის უარყოფა გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ დედაქალაქის ხელმძღვანელობამ არ გაითვალისწინა ფრაქციების მიერ წარდგენილი ინიციატივები. ინგა გრიგოლიას განცხადებით, გათვალისწინებული არ იქნა პენსიის საარსებო მინიმუმამდე გაზრდა. მისივე თქმით,  საპენსიო თანხების მიხედვით, საქართველო ბოლოდან მეორე ადგილზეა პოსტსაბჭოთა სივრცეში. ინგა გრიგოლიას განცხადებით, “ქრისტიან-დემოკრატები” ასევე ჯანდაცვის ურგენტული პროგრამების დაფინანსებას ითხოვდნენ. მან განსაკუთრებით გაუსვა ხაზი იმ ფაქტს, რომ სახელმწიფო ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობას არც ერთ სტადიაზე არ აფინანსებს. გრიგოლიას თქმით,  ქრისტიან-დემოკრატები ასევე ითხოვდნენ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახებისთვის ქულების გაზრდას 100 ათასამდე, რათა ასეთ ოჯახებს კომუნალური მომსახურების პაკეტის მიღების შესაძლებლობა ჰქონოდათ, რომელიც ერთ სულზე 90 ლარს ითვალისწინებს. მისი განცხადებით, 70 ათასიდან 100 ათას ქულამდე გაზრდის შემთხვევაში, ამ დახმარებას 21 835 ოჯახი მიიღებდა და ამისთვის ბიუჯეტში დამატებით საჭირო გახდებოდა 25 მლნ ლარი, რაზეც ხელისუფლებამ უარი თქვა.

„ჩვენი თბილისი“-ს თავჯდომარე დავით საგანელიძე იმედოვნებს, რომ ფრაქციის მიერ შეთავაზებული ჯანდაცვის რამოდენიმე პროგრამა ცენტრალურ ბიუჯეტში მაინც იქნება გათვალისწინებული. მან ასევე გააკრიტიკა ბიუჯეტის პროექტში თანხების გადანაწილებაც.

კობა დავითაშვილის მიერ პროექტის მხარდაჭერა გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ მასში ასახული იქნა ფრაქცია „დედაქალაქის“ ინიციატივა-„პილოტური პროექტი“, რომლის თანახმადაც, მოსწავლეებისთვის სახელმძღვანელოების დროებით სარგებლობაში გადაცემა მოხდება.

საკრებულოს თავმჯდომარის, ზაალ სამადაშვილის განცხადებით, 2011 წლის ბიუჯეტი ორიენტირებულია არა მომსახურების შენარჩუნებაზე, არამედ მის გაუმჯობესებაზე. მისივე თქმით, თუნდაც 2 ოპოზიციონერი დეპუტატის მიერ ბიუჯეტისთვის მხარდაჭერა მეტყველებს იმაზე, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიცის შორის ჯანსაღი ურთიერთობები ყალიბდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი