ეკონომიკა

38 vs 7-თბილისის ბიუჯეტი დამტკიცებულია

19 ნოემბერი, 2010 • • 1036
38 vs 7-თბილისის ბიუჯეტი დამტკიცებულია

თბილისის საკრებულომ დედაქალაქის  ბიუჯეტი 38 ხმით 7-ის წინააღმდეგ უკვე დაამტკიცა. ქალაქის  ბიუჯეტი 620 მილიონი ლარით განისაზღვრა. აღსანიშნავია, რომ მომავალი წლის ბიუჯეტი 2010 წელთან შედარებით 123 მილიონი ლარით ნაკლებია. ქალაქის მერის განმარტებით, აღნიშნული თანხა ქალაქში ერთჯერადი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას მოხმარდა. აღნიშნული ბიუჯეტი, გიგი უგულავას თქმით, მომსახურების სფეროს გაუმჯობესებასა და ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებაზე იქნება ორიენტირებული.  აღსანიშნავია, რომ დედაქალქის ბიუჯეტის განხილვამდე კონსულტაციები მიმდინარეობდა როგორც ოპოზიციური ფრაქციების წარმომადგენლებთან, ასევე თბილისის ყველა უბნის მცხოვრებლებთან. აღსანიშნავია, რომ 2011 წლის დედაქალაქის ბიუჯეტში გაითვალისწნეს ფრაქცია”დედაქალაქის” 2 წინადადება, ყველა ბავშვის, და არა მხოლოდ სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილების მომარაგება სასკოლო სახელმძღვანელოებით, ამას გარდა, ნარკომანების პრევენცია, ანუ ყველა პირი, რომელიც საჭიროებს რეაბილიტაციას, ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდება.  

2011 წლის დედაქალაქის ბიუჯეტის  პროექტი დეპუტატებს თბილისის მერმა გიგი უგულავამ წარუდგინა, მან მომავალი წლის ბიუჯეტს  ”უკეთესი მომსახურება უკეთესი თბილისისათვის”უწოდა.  მისივე განმარტებით, აღნიშნული ბიუჯეტისთვის პრიორიტეტული იქნება ძველი კომუნალური მომსახურების მოდერნიზაცია, უმწეოთა სოციალური დაცვა. ამას გარდა, უგულავას განმარტებით,  მისი და მერიის სხვა ხელმძღვანელთა ხელფასები 10%-ით შემცირდება, ამასთან, შემცირდება წარმომადგენლობითი და სამივლინებო ხარჯები. ”ისევე როგორც ძველ თბილისს ჰაერივით სჭირდებოდა ახალი სიცოცხლე, ასევე მოძველებულ საქალაქო მომსახურებას სჭირდება ახალი სისხლი და ახალი სიცოცხლე, თბილისი რეალურად გახდა სისუფთავის, სიმწვანის, სინათლის და ჯანსაღად ცხოვრების შესაძლებლობის ქალაქი , ამავე დროს, ყველაფერი გავაკეთეთ, რათა აღდგენილი კომუნალური მომსახურების სიკეთე თანაბრად ეგრძნო ყველა სოციალურად დაუცველ მოქალაქეს, დავაწესეთ მათთვის სპეციალური შეღავათები.”

დედაქალაქის ბიუჯეტის დამტკიცების საპასუხოდ, დღეს  „თავისუფალი დემოკრატების“  თავმჯდომარემ, ვიქტორ დოლიძემ ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ  ”თავისუფალი დემოკრატები” 2011 წლის ბიუჯეტს  მხარს არ უჭერენ, რადგან მათ მიაჩნიათ, რომ ბიუჯეტი არის გაუთვლელი, კერძოდ, არ ასახავს ისეთი პრობლემებს, როგორებიცაა: დასაქმების, უმუშევრობის, სოციალური და ჯანდაცვის პრობლემები.

ვიქტორ  დოლიძის თქმით, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 123 მილიონით შემცირდა, მისივე განცხადებით, 2011 წლის ბიუჯეტი არათუ გაუმჯობესებული, არამედ  გაუარესებულია. „თავისუფალ დემოკრატებს“ აუცილებლად მიაჩნიათ შემდეგი ჯანდაცვითი და სოციალური საკითხების მოგვარება: ურგენტული პროგრამა,  პირველადი ჯანდაცვა, ოჯახის ექიმი, ორსულთა პატრონაჯი, „სოციალური საცხოვრისის“ პროგრამა. დოლიძის თქმით, დასახელებული საკითხები თბილისის მერიამ არ გაითვალისწინა.

რაც შეეხება 2011 წლის დედაქალაქის ბიუჯეტის დადებით მხარეს, წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტში გათვალისწინებულია „თავისუფალი დემოკრტების“ მოთხოვნა თბილისელ პენსიონერებზე 10– ლარიანი დანამატის შენარჩუნების შესახებ; აგრეთვე, 100 000- 200 000-მდე უმწეო პირის უფასო მშობიარობა .

დედაქალაქის მერის თქმით, მერიის ფონდი იქნება გამჭირვალე, რასაც „თავისუფალი დემოკრატები“ მიესალმებიან. მათი განცხადებით, ისინი მერიასთან მუშაობას გააგრძელებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი