ეკონომიკა

მიხეილ დუნდუა: „ვფიქრობ, რომ საქართველო-ირანის დაახლოების პოლიტიკა აშშ-სთან შეთანხმებულია“

8 ნოემბერი, 2010 • 1430
მიხეილ დუნდუა: „ვფიქრობ, რომ საქართველო-ირანის დაახლოების პოლიტიკა აშშ-სთან შეთანხმებულია“

გასული კვირის განმავლობაში ქართულ ეკონომიკურ სივრცეში ორი განსაკუთრებულად აღსანიშნავი მომენტი დაფიქსირდა. ერთის მხრივ, საკითხი შეეხებოდა საკამათო სამთავრობო თანხმობას გადაწყვეტილებაზე, რომელიც კომუნალური გადასახადების ერთობლივ ადმინისტრირებას ეხება, ხოლო, მეორე მხრივ, ასევე, აქტუალურია საქართველოსა და ირანს შორის გაფორმებული ხელშეკრულება უვიზო მიმოსვლის შესახებ. ჩვენი საუბარი ეკონომიკის ექსპერტთან, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორთან და საქართველოს კვლევების სპეციალობის დოქტორანტთან, ბატონ მიხეილ დუნდუასთან სწორედ ამ მიმართულებით წარიმართა.

ბატონო მიხეილ, როგორ ფიქრობთ, რამდენად სწორია ისეთი ეკონომიკური პოლიტიკა, როდესაც ყველა მოქალაქე ვალდებული ხდება, თითქმის ყველა კომუნალური გადასახადი ერთად გადაიხადოს, ხოლო ერთ-ერთის გადაუხდელობის შემთხვევაში, ის ყველა ტიპის კომუნალური მომსახურების გარეშე რჩება?

მსგავსი ეკონომიკური პოლიტიკა მიუღებელია. მოსახლეობის ისედაც  მძიმე სოციალური ყოფა, მითუმეტეს,  კარს მომდგარი ზამთრის პირას, შესაძლოა, საგრძნობლად დამძიმდეს. მონოპოლისტთა ასეთი კარტელური შეთანხმებები იდეაშივე აღიკვეთებოდა, საქართველოში ანტიმონოპოლური სამსახური (ამ სტრუქტურის დასავლური გაგებით, რა თქმა უნდა) რომ არსებობდეს. ევროკავშირის მთავარი რეკომენდაცია-მოთხოვნაც სწორედ ეს არის. არ შეიძლება მომხმარებელთა ინტერესების დაცვა ალბათობის თეორიას მივანდოთ! 2010 წლის გაზაფხულზე პრეზიდენტის მიერ გამოთქმული მოსაზრება ანტიმონოპილური რეგულირების გამკაცრების აუცილებლობის თაობაზე აბსოლუტურად მისაღებია, უბრალოდ, ამ პოზიტიურ იდეას სწრაფი ასახვა სჭირდება  ეკონომიკურ პოლიტიკაში.

აღნიშნული გადაწყვეტილებით, კერძო კომპანიებს დასტური სწორედ სახელმწიფომ მისცა;  რამდენად სწორია ის ფაქტი, რომ საკუთარ მოქალაქეებსა და კერძო კომპანიებს შორის ურთიერთობებში სახელმწიფო ჩაერია, ხოლო ეს ჩარევა კი კერძო კომპანიების სასარგებლოდ მოხდა?

საგანგაშოა, როცა ზოგიერთი ჩინოვნიკი პრეზიდენტს არ უსმენს და ანტიმონოპოლური რეგულირების საკითხს ზერელედ უყურებს! მონოპოლისტთა ლობირება მომხმარებელთა ინტერესების საწინააღმდეგოდ უდიდესი მორალური დანაშაულია, რომლის შედეგებმაც შეიძლება ქვეყანაში სოციალურ-პოლიტიკური  აფეთქების პროვოცირება გამოიწვიოს.

ჯამში, რა შედეგს ელით მსგავსი პოლიტიკისგან? ხომ არ თვლით, რომ ამ პოლიტიკის საბოლოო პროდუქტი იქნება წარუმატებლობა და სტიმული ახალი სოციალური მღელვარებისთვის?

 

აბსოლუტურად გეთანხმებით. პოლიტიკოსებს დიდი სიფრთხილე მართებთ,  მოვლენებმა უმართავი ხასიათი რომ არ მიიღოს.

საინტერესოა, აგრეთვე, საქართველოსა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის გაფორმებული ხელშეკრულება უვიზო რეჟიმის შესახებ; საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ამ საკითხის კომენტირებისას ძირითადი აქცენტი ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე გააკეთა; რამდენად რეალურად მიგაჩნიათ საქართველოსა და ირანს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება?

რაც შეეხება ამ საკითხს, მე მას დადებითად ვაფასებ. თუმცა ვფიქრობ, რომ მოვლენას უფრო მეტი პოლიტიკური დატვირთვა აქვს, ვიდრე ეკონომიკური. ირანი დღეს ისლამური სამყაროს  ერთ-ერთი  ძლიერი სახელმწიფოა, ამასთან, ისლამისტური სამხედრო-პოლიტიკური მოძრაობის ყველაზე გავლენიანი სუბიექტი. ირანთან ურთიერთობის, ერთი შეხედვით,  ჭარბმა დათბობამ შესაძლოა, საქართველო, რომელიც ავღანურ კამპანიაში გამოკვეთილად არის ჩართული, სახიფათო რისკებისაგან  მნიშვნელოვნად დააზღვიოს.

წმინდა პოლიტიკური თვალსაზრისით, ირანთან მნიშვნელოვანი პრეტენზიები გააჩნია მსოფლიოს მრავალ ქვეყანას, მათ შორის, საქართველოს სტრატეგიულ მოკავშირეს- ა.შ.შ-ს. ხომ არ თვლით, რომ, ერთი მხრივ, ირანთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ ეკონომიკური ფასიც საკმაოდ მაღალია, ხომ არ ელით ამ გადაწყვეტილებით უკვე არსებულ პარტნიორ სახელმწიფოებთან პოლიტიკური თუ ეკონომიკური ურთიერთობების გაუარესებას?

ვფიქრობ, რომ საქართველო-ირანის დაახლოების პოლიტიკა აშშ-სთან შეთანხმებულია. ირანს ხელს არ აძლევს, რომ  საქართველო ამერიკის მხრიდან   ირანის წინააღმდეგ პოტენციურ სამხედრო აეროდრომად განიხილებოდეს. ამერიკასაც არ უნდა სურდეს, რომ გაბრაზებულმა ფუნდამენტალისტებმა საქართველო ცხენის მაგივრად ნაცემ უნაგირს დაამსგავსონ. მიღწეული შეთანხმება გეოპოლიტიკური ზავის პირობებს ჰგავს, რომლის დარღვევა არც ერთ მოთამაშეს ხელს არ აძლევს.

მასალების გადაბეჭდვის წესი