შიდა ქართლის რეგიონში, კერძოდ, ქარელსა და გორში, ათასწლეულის ფონდის აგრობიზნესის განვითარების პროექტის ფარგლებში, დაფინანსებული ორი ახალი ცენტრი გაიხსნა.
ქარელში სრული მომსახურებით აღჭურვილი ცენტრი დაარსდა, რომელიც ფერმერებს უზრუნველყოფს: ვეტერინარული მედიკამენტებით, მცენარეთა დაცვის საშუალებებით, მანქანა-დანადგარებითა და მცირე იარაღებით, აგრეთვე, ცენტრში კვალიფიციური ტრენინგები და კონსულტაციებიც გაიმართება. ქარელის ახალი მომსახურების ცენტრში 10 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა, დასაქმებულები კი მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ 3 000-მდე ფერმერებს მოემსახურება.
ამავე დროს, გორში ათასწლეულის ფონდის აგრობიზნესის გრანტითა (149 980 აშშ დოლარი) და ცენტრის მეპატრონის თანადაფინანსებით (114 000 აშშ დოლარი), თანამედროვე, სრული მომსახურების მქონე მექანიზაციის ცენტრი დაარსდა, სადაც განთავსებულია მანქანათა დასაყენებელი ღია და დახურული მოედნები, სამრეცხაო, ელექტრომექანიკური საამქრო, საწყობი და ადმინისტრაციული შენობა, სადაც 9 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა. აღნიშნული ცენტრი რეგიონში მცხოვრებ 13 000-მდე ფერმერს 2007 წლიდან ემსახურება.
ათასწლეულის ფონდის აგრობიზნესის განვითარების პროექტის ფარგლებში, საქართველოს ყველა რეგიონში ჯამში 286 პროექტია დამტკიცებული – პირველადი წარმოების, მცირე/საშუალო საწარმოებისა და ფერმერთა მომსახურების ცენტრების განვითარებისთვის, საერთო თანხით 16,2 მლნ. აშშ დოლარი, რაც, სავარაუდოდ, საქართველოს რეგიონებში 3 600-მდე ახალი სამუშაო ადგილის შექმნის წინაპირობას წარმოადგენს.