დაკავება დოკუმენტაციის გაყალბების ფაქტზე

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ყალბი საგადასახადო დოკუმენტაციის შედგენის გამო, გორში მცხოვრები გაიოზ გოჩაშვილი დააკავეს. აღნიშნული პიროვნება ქ. გორის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან ხელშეკრულების საფუძველზე, გორის მზრუნველობამოკლებული ადამიანების უფასო კვებას აწარმოებდა. სასადილოს ფუნქციონირებისათვის საჭირო პროდუქტის შესაძენად,  გორის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან გ. გოჩაშვილს ყოველწლიურად 49 200 ლარი ერიცხებოდა.   

გამოძიებით დადგენილია, რომ გაიოზ გოჩაშვილი ყალბი შესყიდვის აქტებს ადგენდა, რომელშიც პროდუქტების მაღალ ფასებს აფიქსირებდა, რეალურად კი იგი  ნაკლები ფასისა და  რაოდენობის პროდუქტს ყიდულობდა, აგრეთვე, ამცირებდა მზრუნველობამოკლებული ადამიანებისათვის განკუთვნილი საკვების რაოდენობას და გაყალბებული დოკუმენტებით მიღებულ შემოსავლებს უკანონოდ ითვისებდა. სამართალდამცველთა მონაცემებით, გ.გოჩაშვილმა თითქმის ორი წლის მანძილზე 18 000 ლარი მიითვისა.

მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე და 182-ე მუხლებით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან თერთმეტ წლამდე ვადით.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
netgazeti.ge