ეკონომიკა

რუსეთი – გვჭირდება თუ არა მტრულად განწყობილი პარტნიორი

18 ოქტომბერი, 2010 • 1259
რუსეთი – გვჭირდება თუ არა მტრულად განწყობილი პარტნიორი

რუსეთზე მხოლოდ ეკონომიკური ფაქტორებით ორიენტირება, საქართველოს ეკონომიკური და ბიზნეს ინტერესებიდან გამომდინარე, ნიშნავს ნაბიჯს უკან. საქართველოს საუკეთესო მაგალითი აქვს იმისა, თუ როგორ იყვნენ “ორიენტირებულნი” ქართული ბიზნეს კომპანიები რუსულ ბაზარზე. სწორედ რუსული ბაზრის დაკარგვამ აჩვენა ქართული კომპანიების “მომზადების დონე” ევროპული და, ზოგადად, ცივილიზებული ბაზრების ათვისების გზაზე.

საქართველოში რუსეთის ფედერაციის შესახებ  კამათი, ძირითადად, პოლიტიკური კონტექსტით მიმდინარეობს, თუმცა პოლიტიკას ყოველთვის თან ახლავს ეკონომიკური ინტერესები. უფრო სწორად რომ ვთქვათ, პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესები ხშირად ერთმანეთს ეჯაჭვება. მაგალითად, დღეს, ისე როგორც არასოდეს, აქტუალურია საკითხი, რომელიც რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანებას ეხება. შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნულ ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების საკითხი მრავალი წელია დგას, თუმცა თუ თავდაპირველად თავად ეს სახელმწიფოც არ იყო მაინცდამაინც სერიოზულად დაინტერესებული ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანებით და, ამ მხრივ, მხოლოდ გარკვეული განცხადებებით შემოიფარგლებოდა, დღეს ვითარება შეიცვალა. რუსეთის ფედერაციამ გააცნობიერა აღნიშნული ორგანიზაციის მნიშვნელობა და წევრობის სტატუსის მოსაპოვებლად, აქტიურ ქმედებებზე გადავიდა. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ჯერ კიდევ 2006 წლის მაისში რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ღიად დააფიქსირა სურვილი ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანების თაობაზე. პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთის ეკონომიკა უფრო მეტად იყო გახსნილი, ვიდრე ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრი ბევრი ქვეყნის ეკონომიკა.

ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციისაკენ მიმავალ გზაზე რუსეთის ფედერაციას ორი ქვეყანა ეღობებოდა წინ – აშშ და საქართველო. ამ ორგანიზაციის წესების თანახმად, მასში ახალი ქვეყნის გასაწევრიანებლად, საჭიროა არსებული წევრების სრული კონსესუსი. მას შემდეგ, რაც რუსეთმა ინტენსიური მოლაპარაკებები გამართა შეერთებულ შტატებთან, ამ ქვეყნის ფინანსთა მინისტრმა კუდრინმა განაცხადა, რომ 2011 წელს რუსეთი ორგანიზაციის წევრი გახდებოდა. მხარდაჭერის მზაობა ღიად დაადასტურა შეერთებულმა შტატებმა, თუმცა რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანებას ერთი მოწინააღმდეგე – საქართველო შემორჩა, რომელიც სწორედ ის დაბრკოლებაა, რომლის გადალახვის გარეშეც რუსეთის აღნიშნულ ორგანიზაციაში გაწევრიანება გამორიცხულია.

საინტერესოა, რატომ კეთდება რუსეთის მხრიდან განცხადებები ქვეყნის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანების თაობაზე იმ დროს, როდესაც საქართველოს ხელისუფლება ღიად აყენებს რუსეთისათვის “ძნელად შესასრულებელ” მოთხოვნებს, ხოლო აღნიშნული მოთხოვნების არშესრულების შემთხვევაში კი, უარს ამბობს მის ორგანიზაციის წევრობისათვის საჭირო მხარდაჭერაზე.

მიმდინარე წლის ოქტომბრის დასაწყისში საქართველოს პრემიერ მინისტრმა, ნიკა გილაურმა ღიად განაცხადა: “ჩვენ მხარს ვუჭერთ რუსეთის სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას, მივესალმებით ყველა იმ ორგანიზაციას, რომელში ყოფნაც რუსეთს უფრო ცივილურს გახდის. მაგრამ იმ პირობით, რომ ორგანიზაციის ყველა წესი შესრულებული იქნება. ერთ-ერთი პირობა ის არის, რომ ორგანიზაციის წევრ ორ ქვეყანას შორის საბაჟო გამშვები პუნქტები და საზღვრები გავჭვირვალე უნდა იყოს. ამ ეტაპზე რუსეთის მიერ ოკუპირებულია ე.წ. სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი და რუსეთი ამ პირობას ვერ აკმაყოფილებს….”.

მიმდინარე წლის 5 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა: “საქართველო მანამდე ვერ დაუჭერს მხარს რუსეთის გაწევრიანებას მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში, სანამ არ იქნება შესრულებული ის პირობები, რომლებსაც საქართველოს ხელისუფლება აყენებს, მათ შორის, ეს ეხება საბაჟო-გამშვები პუნქტების თემას და იმ საკითხების მთელ სპექტრსა და პრობლემებს, რომლებიც საქართველოსა და რუსეთს შორის არსებობს,“

რა არის ის მთავარი პირობა, რომელსაც საქართველო რუსეთს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანების სანაცვლოდ უყენებს და რამდენად რეალურია მისი შესრულება?

საქმე ისაა, რომ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანების სანაცვლოდ, ქართული მხარე ყოველთვის მოითხოვდა საქართველოს კონფლიქტურ ზონებში მდებარე ორი არალეგალური გამშვები პუნქტის – განთიადი-ადლერისა და როკი-ქვემო ზარამაგის ლეგალიზებასა და ქართული სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ მოქცევას.

“ამ საკითხზე ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიოდ ჩამოყალიბებული პოზიცია რუსეთთან. 2004 წელს ჩვენ გვქონდა მოლაპარაკებები და გადავწყვიტეთ, რომ მხარს ვუჭერთ რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას, რუსეთი კი, შესაბამისად, აწარმოებს  საგარეო ვაჭრობას საქართველოსთან ლეგალური სასაზღვრო გამშვები პუნქტების მეშვეობით. ჩვენ არა მარტო ვრჩებით ამ მოთხოვნის ერთგული, არამედ მოვითხოვთ, რუსეთმა შეასრულოს თავისი დანაპირები და შეთანხმება, რომელიც ჩვენ შორის მოხდა. ჩვენ რაღაც დამატებით მოთხოვნას აღარ ვაყენებთ, თუმცა ამის შემდეგ ძალიან ბევრი რამ შეიცვალა“ – ეს განცხადება საქართველოს ექს-პრემიერმა ზურაბ ნოღაიდელმა 2006 წელს გააკეთა.

აღნიშნულ განცხადებამდე კი, საქართველოს პრეზიდენტმა საკითხის კომენტირებისას აღნიშნა: “ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, მაგრამ იმისათვის, რომ ჩვენი სამართლიანი ინტერესები და ადრე დადებული შეთანხმებების დაცვა მოვითხოვოთ, თავმოყვარეობა და ღირსება გაგვაჩნია. ჩვენი სურვილია, რომ რუსეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში მაქსიმალურად სწრაფად შევიდეს. მაგრამ იმ ფაქტზე, რომ საქართველოს ეკონომიკისთვის ზიანის მიყენების ან მისი განადგურების მცდელობა გეგმაზომიერად და ყველა აკრძალული მეთოდით ხორციელდება, თვალის დახუჭვას არ ვაპირებთ. ჩვენ იმ სიძნელეებს გადავიტანთ, რომლებიც ხელოვნურად შეგვექმნა და ამ გზას ვადგავართ კიდეც. ჩვენი სურვილია, რომ ეს საკითხები რუსეთთან პარტნიორობის პირობებში გაირკვეს. მანამ, სანამ ეს საკითხები არ გაირკვევა, საქართველო საკუთარ პოზიციას ვერ შეიცვლის“.

თუმცა დღევანდელი გადმოსახედიდან ფაქტია, რომ წავიდა დრო, როდესაც საქართველოს სახელმწიფო რუსეთს თამამ მოთხოვნებს უყენებდა. რეალობა შეიცვალა და  ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების თაობაზე, საქართველოს შესაძლოა გარკვეულ დათმობებზე წასვლა მოუწიოს. სასურველია, თუმცა შეუსრულებელი მოთხოვნა, რუსეთის ფედერაციამ საქართველოს სახელმწიფოს კონფლიქტურ ზონებში არსებული საბაჟო-გამშვები პუნქტების კონტროლის ნება დართოს. 2008 წლის აგვისტოს მოვლენებამდე რუსეთმა  საქართველოს  საბაჟო-გამშვები პუნქტების კონტროლის ნება ფორმალურად დართო, თუმცა ცხადია, რომ ეს ფორმალური დოკუმენტი იყო და მას შესრულება არ ეწერა. დღეს რუსეთს აღნიშნული ფორმალური დოკუმენტის მომზადებაც კი გაუჭირდება იმდენად, რამდენადაც მან საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კონფლიქტური რეგიონები უკვე დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა.

მოუწევს თუ არა საქართველოს, დათანხმდეს რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანებას, როდესაც მისმა სტრატეგიულმა პარტნიორმა აშშ-მ რუსეთს აღნიშნულ ორგანიზაციაში გაწევრიანების საკითხზე თანხმობა მისცა და მხარდაჭერაც აღუთქვა – რეალურად, ეს არის თემა, რომელიც არ კარგავს აქტუალობას.

როგორ უნდა მოიქცეს საქართველო ასეთ ვითარებაში? პირველ რიგში, საქართველომ უნდა იმოქმედოს ნაციონალური ინტერესებიდან გამომდინარე. მან  უნდა განსაზღვროს “ფასი” რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანების მხარდაჭერისათვის. კონფლიქტურ რეგიონებში საბაჟო-გამშვები პუნქტების კონტროლის მოთხოვნა პოლიტიკურ მოთხოვნებს უფრო მიეკუთვნება, ვიდრე ეკონომიკურს. თუმცა საქართველოსათვის აჯობებს, რუსეთს, რეალობის ფარგლებში, ის მოთხოვნები წაუყენოს, რომელიც ეკონომიკურ-პოლიტიკურ ინტერესებს თანაბრად შეეხება და მხოლოდ ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე არ იხელმძღვანელოს.

ეკონომიკაში არსებობს თეორია, რომელსაც სარგებლიანობა-დანახარჯიანობის ანალიზი ჰქვია, შესაბამისად, გადაწყვეტილება სწორედ ამ თეორიის თანახმად უნდა მივიღოთ. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოს სავაჭრო პარტნიორებს შორის რუსეთი კვლავ ერთ-ერთ მთავარ (თუმცა არა უმთავრეს) ქვეყნად რჩება, კერძოდ, 2010 წლის იანვარ-აგვისტოს მონაცემებით, რუსეთიდან საქართველოში შემოტანილი იმპორტის ღირებულებამ  თითქმის 200 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. გარდა ამისა, საინტერესოა ის ფაქტიც, რომ რუსეთი კვლავ რჩება საქართველოში ფულადი გზავნილების ლიდერად; საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2010 წლის სექტემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 84.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, საიდანაც 49.6 მლნ აშშ დოლარი რუსეთზე მოდის. ეს არის ციფრები, რომლებზეც გვმართებს დაფიქრება; რა იქნება მაშინ, თუ რუსეთი საქართველოში  იმპორტის მაქსიმალურად აკრძალვას დაიწყებს? თუმცა, ამავე დროს, უნდა გავიხსენოთ, რომ წლების განმავლობაში რუსეთი საქართველოს ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორი იყო და მისი ჩანაცვლება მეტ-ნაკლები წარმატებით მაინც მოხერხდა.

რუსეთზე მხოლოდ ეკონომიკური ფაქტორებით ორიენტირება, საქართველოს ეკონომიკური და ბიზნეს ინტერესებიდან გამომდინარე, ნიშნავს ნაბიჯს უკან. საქართველოს საუკეთესო მაგალითი აქვს იმისა, თუ როგორ იყვნენ “ორიენტირებულნი” ქართული ბიზნეს კომპანიები რუსულ ბაზარზე. სწორედ რუსული ბაზრის დაკარგვამ აჩვენა ქართული კომპანიების “მომზადების დონე” ევროპული და, ზოგადად, ცივილიზებული ბაზრების ათვისების გზაზე.

რთულია, თუმცა სჯობს, რომ ქართველმა ექსპორტიორებმა, თუ მათ რეალურად სურთ თანამედროვე ხარისხის სტანდარტების დაკმაყოფილება, დიდი ხნით დაივიწყონ რუსეთის, როგორც ბაზრის არსებობა და ორიენტირება უფრო ცივილიზებულ ბაზრებზე აიღონ. ეს ასევე სახელმწიფოსთან მიმართებაში  გარკვეული წნეხის მოხსნა იქნება, რათა პოლიტიკოსებმა რუსეთთან დაკავშირებით ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანების საკითხზე  მიიღონ ეკონომიკურ-პოლიტიკური და არა მხოლოდ ეკონომიკური ან უარესი – პოპულისტური გადაწყვეტლება. ამავე დროს, გადაწყვეტილების მიღების პერიოდში სახელმწიფო მზად უნდა იყოს მოსალოდნელი შედეგების თავიდან ასაცილებლად, იქნება ეს იმპორტიორი ქვეყნებისა თუ გასაღების ბაზრების დივერსიფიცირება, რათა ისეთი ტიპის მოულოდნელობები იქნას თავიდან აცილებული, როგორებიც  რუსეთის მხრიდან დაწესებულ პირველ ემბარგოს მოჰყვა.

აუცილებელია აღინიშნოს, რომ განსხვავებით უამრავი სხვა მიმართულებისაგან, საქართველოს ხელისუფლება რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანების საკითხზე მრავალი წელია საოცარი თანმიმდევრულობით მოქმედებს და სასურველი იქნებოდა არსებული თანმიმდევრულობის ბოლომდე შენარჩუნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი