ეკონომიკასამხრეთ კავკასიის ამბები

შემცირებული სამთავრობო ხარჯები და “რევოლუციური” საგადასახადო ცვლილებები ყარაბაღში

25 ნოემბერი, 2015 • • 1794
შემცირებული სამთავრობო ხარჯები და “რევოლუციური” საგადასახადო ცვლილებები ყარაბაღში

ყარაბაღის მთავრობამ 2016 წლის ბიუჯეტის პროექტი 20 ნოემბერს დაამტკიცა. პროექტის მიხედვით, ბიუჯეტის შემოსავლითი ნაწილი განისაზღვრა 86 მილიარდ 185 მილიონი დრამით (დაახლოებით 180 მილიონი აშშ დოლარი). ამ თანხაში შედის სომხეთის რესპუბლიკის მიერ გამოყოფილი კრედიტი, რომლის მოცულობაა 47 მილიარდ 266 მილიონი დრამი (დაახლოებით 98 მილიონი აშშ დოლარი), რომელიც 3.8%-ით აღემატება გასულ წელს მიღებული ანალოგიური კრედიტის მოცულობას.

 

ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის გეგმა შეადგენს 88 მილიარდ 946 მილიონ დრამს (დაახლოებით 185 მილიონი აშშ დოლარი). დეფიციტი კი 2 მილიარდ 761 მილიონ დრამს (დაახლოებით 6 მილიონი აშშ დოლარი) შეადგენს.

 

ეს მონაცემები მოსახლეობას ყარაბაღის ფინანსთა მინისტრმა სპარტაკ თევოსიანმა მიაწოდა. მისივე თქმით, სახელმწიფო ბიუჯეტის 25% სოციალურ პროგრამებზე დაიხარჯება.

 

პრემიერ-მინისტრ არაიკ არუთუნიანის თქმით, გაგრძელდება სახელმწიფო მმართველობის სისტემის ეფექტურობის ამაღლების პოლიტიკა, თუმცა, ამავდროულად, ბიუჯეტში მცირდება ადმინისტრაციული ხარჯები, კერძოდ:

 

“შემცირდა 245 შტატი და 96 ავტომობილი, რომლითაც მოვახერხეთ 800 მილიონი დრამის ეკონომია,” – განაცხადა არუთუნიანმა.

მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის მთავრობის სხდომა
მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის მთავრობის სხდომა

 

ბოლო წლების მანძილზე ეს არის პირველი შემთხვევა, როცა სახელმწიფო მმართველობის სისტემის ხარჯების შემცირება ხდება ყარაბაღში. მანამდე იგივე პრემიერი არუთუნიანი ყოველთვის იმიზეზებდა იმას, რომ შტატებისა და ხარჯების შემცირება გამოიწვევდა სოციალურ უკმაყოფილებას. ამჯერად კი პრემიერმა განაცხადა, რომ სახელმწიფო სისტემა არ არის შექმნილი სამუშაო ადგილებისთვის და არსებობს პრეზიდენტის განკარგულება, რომლის მიხედვით, ყველა სახელმწიფო სტრუქტურაში ხარჯები უნდა შემცირდეს 10-15%-ით.

 

ყარაბაღის მოსახლეობაში ვარაუდობენ, რომ შემცირება არ შეეხება მაღალი თანამდებობისა და მთავრობასთან დაახლოებულ პირებს, როგორიცაა მინისტრის მოადგილეები, მრჩეველი, თანაშემწეები. ისინი შიშობენ, რომ უმუშევართა არმიის რიგებს დაბალი რანგის საჯარო მოხელეები შეავსებენ.

ამ ვარაუდისთვის შესაბამის საფუძველს ქმნის მიმდინარე წლის ზაფხულში სტრუქტურული რეორგანიზაციის ფარგლებში სახელმწიფო სამსახურებში თანამშრომლების გათავისუფლების ფაქტი, როდესაც შემცირება მხოლოდ დაბალი რანგის მოხელეებს შეეხო.

 

უკვე რამდენიმე თვეა ქვეყნის პრეზიდენტი და პრემიერი მოუწოდებენ სახელმწიფო უწყებებს, შეამცირონ ხარჯები, განსაკუთრებით, სამსახურებრივი ავტომანქანების მომსახურებისა და საკანცელარიო ხარჯების ნაწილში.

 

მოსახლეობა შიშობს, რომ 2016 წელი გაცილებით მძიმე იქნება სოციალურ-ეკონომიკური კუთხით, რადგან, ერთი მხრივ, იგეგმება საბიუჯეტო დაწესებულებებში თანამშრომლების შემცირება, ხოლო, მეორე მხრივ, ძვირდება პირველადი მოხმარების საგნები და არ იზრდება ხელფასები და პენსიები. მაშინ, როცა ხელფასების და პენსიების ზრდის საკითხი არ აღელვებს მთავრობას, ცხადია, ამ მხრივ არც კერძო სექტორში დასაქმებულთა ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდება.

 

ამის მიუხედავად, მთავრობა ოპტიმისტურადაა განწყობილი. პრემიერის თქმით, მთავრობა იწყებს რევოლუციურ ცვლილებებს საგადასახადო კოდექსში, რის შემდეგაც მნიშვნელოვანი შეღავათებით ისარგებლებენ დამწყები ბიზნესმენები. კერძოდ, ცვლილებების მიხედვით, დამწყები მეწარმეები სამი თვის მანძილზე გათავისუფლდენიან მოგების გადასახადისგან; შემცირდება ჯარიმები შემოსავლების დამალვისა და ბრუნვის 50-დან 20%-მდე შემცირებისთვის; ასევე, გათვალისწინებულია ჯარიმის შემცირება, თუკი დაფიქსირდება 15-დან 10%-მდე დეფიციტის დაფიქსირების შემთხვევაში. ამას გარდა, ბუღალტრული ანგარიშგების წესების დარღვევისთვის მოიხსნება ჯარიმები და ა.შ.

 

ყარაბაღის პრემიერ-მინისტრის თქმით, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ მთავრობა ხელს უწყობს მცირე და საშუალო ბიზნესის სტიმულირებას, რის გამოც ამ სფეროში გადამხდელთა რაოდენობამ 2014 წელს 5 ათასს გადააჭარბა.

 

“შთამბეჭდავია კიდევ ერთი მაჩვენებელი – 2016 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის პროგნოზია 236 მილიარდი დრამი, მაშინ, როცა 2010 წელს იყო 118 მილიარდი დრამი,” – განაცხადა არაიკ არუთუნიანმა.

 

მომდევნო წელს დაგეგმილია მშპ-ს 8%-იანი ზრდა.

მთავრობის მიერ დამტკიცებული 2016 წლის ბიუჯეტის პროექტი გადაგზავნილია პარლამენტში, რომელმაც წლის ბოლომდე უნდა დაამტკიცოს.

 


სტატია მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. სტატიებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.


მასალების გადაბეჭდვის წესი